დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

1 view
Skip to first unread message

mev...@gmail.com

unread,
Jul 29, 2009, 3:32:08 PM7/29/09
to muslimgeorgia
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

საქართველოს მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დატოვებამ
მოკავშირე ქვეყნებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმება
განაპირობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა
პარლამენტს სარატიფიკაციოდ "საქართველოს მთავრობასა და უკრაინის
მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ 1995 წლის 9 იანვრის
შეთანხმებაში" ცვლილებების შეტანის შესახებ ხელშეკრულება წარუდგინა.
ხელშეკრულება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს მის პლენარულ სხდომაზე გატანას.

კომიტეტის სხდომაზე "მაუწყებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე" კანონპროექტი განიხილეს, რომელიც ერთ-ერთმა
ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, მურთაზ ზოდელავამ წარმოადგინა.
ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს
წევრთა რაოდენობა იზრდება15–მდე, ამასთან, შენარჩუნდება მოქმედი წევრების
უფლებამოსილებაც.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე
საკადრო საკითხებიც განიხილეს. კომიტეტმა, განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტის წევრებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის (მეურვის) სამ
ვაკანტურ თანამდებობაზე თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი კანდიდატურები
განიხილა. კომიტეტებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს აღნიშნულ თანამდებობებზე
ცხრა წარმოდგენილი კანდიდატის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სხდომაზევე სახალხო დამცველის კანდიდატურებიც განიხილეს. ომბუდსმენის
თანამდებობაზე უმცირესობის მხრიდან წარდგენილ კანდიდატებს: პარლამენტის
წევრს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს და უმრავლესობიდან წარდგენილ გიორგი ტუღუშს
მოუსმინეს. კანდიდატები გუშინდელ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე
დასახელდნენ, ხოლო დამტკიცება 31 ივლისის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე
იგეგმება. ლორთქიფანიძემ კანდიდატების წარდგენის სამდღიანი ვადა
გააპროტესტა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის თანამდებობა მეტად
მნიშვნელოვანია და ამისთვის მეტი დრო და რესურსი უნდა არსებობდეს, რათა
საზოგადოებამ ისინი კარგად გაიცნოს. მისივე განცხადებით, მისი არჩევის
შემთხვევაში იგი მზადაა დეპუტატის მანდატის დასატოვებლად. დიმიტრი
ლორთქიფანიძის პრეტენზიას პარლამენტის წევრი ხათუნა ოჩიაური გამოეხმაურა
და განაცხადა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატების წარდგენას
კანონმდებლობა არეგულირებს და განმარტა, რომ ნებისმიერ კანდიდატს
საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის შეეძლო მეტი დროის გამოყენებაც. რაც
შეეხება გიორგი ტუღუშს, მისი განცხადებით, მას მჭიდრო, პროფესიული
კავშირი აქვს სახალხო დამცველის ოფისთან და ამ სფეროში მას საკმაო
გამოცდილება გააჩნია. გიორგი ტუღუში 2008 წლიდან ევროკავშირის პროექტის,
"ომბუდსმენის აპარატის ხელშეწყობა" მენეჯერი და მთავარი ექსპერტია,
ამასთანავე ევროპის საბჭოს "წამების, არაადამიანური და ღირსების
შემლახავი მოპყრობისა და დასჯის აკრძალვის კომიტეტის" წევრიცაა. ის
აგრეთვე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დარგში მაგისტრის
ხარისხის მფლობელიცაა.

სახალხო დამცველის კანდიდატების საბოლოო განხილვა და დამტკიცება
პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოხდება.

Reply all
Reply to author
Forward
0 new messages