პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სახალხო დამცველის ორი კანდიდატურა
დასახელდა. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აღნიშნულ თანამდებობაზე
გიორგი ტუღუშის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო საპარლამენტო უმცირესობის
კანდიდატი ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე
იქნება.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ სახალხო დამცველის
კანდიდატურებისთვის კენჭისყრის გადადება მოითხოვა და მიზეზად თემის
მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი და კანდიდატებისთვის თავიანთი
პროგრამის ფართო მასებისთვის გასაცნობად მეტი დროის მიცემა დაასახელა.
უმრავლესობის წარმომადგენლებმა თარგამაძის მოსაზრება არ გაიზიარეს და
ხმათა უმრავლესობით 31 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე საკითხის გატანის
გადაწყვეტილება მიიღეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ საგარეო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს
უახლოეს სხდომაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მოწვევა და
მოლდოვაში დაკავებული, დამკვირვებლის სტატუსით მიმავალი ქართველების
შესახებ დეტალური ინფორმაციის მოსმენა დაავალა. აღნიშნული საკითხი
ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ
დააყენა და საგარეო უწყებისგან კიშინიოვის ინციდენტის შეფასება მოითხოვა.
გიორგი თარგამაძის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ
ეს ფაქტი მოლდოვას ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ არამეგობრულ ნაბიჯად
უნდა შეფასდეს.
პარლამენტი ნიუ–იორკში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ მოსწავლეებს ქართულ
ლიტერატურას გადასცემს და მათ საჭირო წიგნებით მოამარაგებს. ამ
საკითხისთვის კოორდინირების გაწევა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით
ბაქრაძემ განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის
პირველ მოადგილეს, ხათუნა ოჩიაურს დაავალა. თავად საკითხი კი სხდომაზე
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა დავითაიამ დასვა. მისი
თქმით, სკოლა "გრაალი" ამერიკაში ორი წლის წინ დაფუძნდა, სადაც ქართველი
ემიგრანტი ბავშვები სწავლობენ ქართულ მწერლობას, ეცნობიან ჩვენს
კულტურას, შემეცნებით სფეროებს. ბავშვებს გარკვეული პრობლემები აქვთ
ლიტერატურასთან დაკავშირებით.
ბიუროს სხდომაზე 31 ივლისის პლენარული სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს,
რომელიც რიგგარეშე პლენარული სესიის ბოლო სხდომა იქნება.