სწავლულები ამბობენ, რომ ცოდვების მონანიება აუცილებელია. თუკი შებღალული
იქნება არა ადამიანის, არამედ ალლაჰის სახელი, არსებობს მონანიების სამი
გზა, რომელსაც ალლაჰი მიიღებს, ესენია:
1 – ცოდვის ჩადენისგან თავის შეკავება.
2 – დამწუხრება ჩადენილი გამო.
3 –გადაწყვეტილების მიღება, რომ ასეთ ცოდვას აღარ ჩავიდენთ.
აზრი არ აქვს მონანიებას, რომელიც სამივე ამ პირობას არ მოიცავს. მაგრამ
თუ ცოდვა სხვა ადამიანის უფლებების დარღვევას შეეხება, მაშინ საჭიროა
კიდევ მეოთხე პირობა _ საჭიროა მისი უფლების აღდგენა. ქონების ხელყოფის
შემთხვევაში, ის თავის კანონიერ მფლობელს უნდა დაუბრუნდეს. ცილისწამების,
ან შეურაცხყოფის შემთხვევაში, ბოდიში უნდა მოუხადო შეურაცხყოფილს.
უნდა მოინანიო ყველა ცოდვა. კომპეტენტური ადამიანების აზრით, ცოდვების
ნაწილის მონანიებაც მისაღებია, მაგრამ წმინდა წიგნის და სუნას
შეგონებებისა და სწავლულთა საერთო აზრით, სრულ მონანიებას უმაღლესი ფასი
აქვს.
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
(24:31) (11:3) (66.8)
13. აბუ ჰურაია (კ.ი.მ.ა.) მოგვითხრობს: გავიგონე, როგორ თქვა ალლაჰის
შუამავალმა (ა.დ.მ.): უფალს ვფიცავ, დღეში 70-ზე მეტჯერ ვთხოვ მას, რათა
მომიტევოს”.
კომენტარი:
1. მიტევებისა და პატიების თხოვნა აუცილებელია. შუამავალი (ა.დ.მ.),
რომელსაც მიეტევა წარსული და მომავალი ცოდვები, ალლაჰს პატიებას სთხოვდა
და ჩვენ, ვინც ცოდვებს ყოველდღიურად ჩავდივართ, ვინ ვართ, რომ ალლაჰისგან
პატიება არ ვითხოვოთ?
2. გულწრფელი და მუდმივი ლოცვა აუცილებელია, რათა ჩვენს მიერ უნებლიედ
ჩადენილი ცოდვებიც მოგვეტევოს. ეს ჰადისი პატიების თხოვნის უდიდეს
მნიშვნელობას შეგვახსენებს.
14. ალ-აგრ ბინ ყაზარ ალ-მუზანი (კ.ი.მ.ა.) გვიამბობს, რომ ალლაჰის
შუამავალმა თქვა: “ხალხო, სთხოვეთ ალლაჰს პატიება. მე მას პატიებას დღეში
ასჯერ ვთხოვ.” [მუსლიმი]
15. ანას ბინ მალიკ ალ-ანსარი (კ.ი.მ.ა.), ალლაჰის შუამავალის მსახური
მოგვითხრობს: ალლაჰის შუამავალმა თქვა: “ ჭეშმარიტად, ალლაჰი უფრო
ბედნიერია თავისი მონისთვის ცოდვის მიტევებით, ვიდრე კაცი, რომელმაც
უდაბნოში აქლემი დაკარგა და შემდეგ ის მოულოდნელად იპოვა”.
[ალ-ბუქარი და მუსლიმი]
მუსლიმის სხვა ვერსიაში, მან თქვა: “ჭეშმარიტად, ალლაჰი უფრო ბედნიერია
თავისი მონისთვის ცოდვის მიტევებით, ვიდრე კაცი, რომელმაც შუა უდაბნოში
დაკარგა აქლემი საკვებისა და წყლის მარაგით. იმედდაკარგული დაწვა და
თავის აქლემზე დარდობდა. უცებ აქლემი მის წინ გაჩნდა. კაცმა სადავეს ხელი
ჩასჭიდა და უსაზღვროდ ბედნიერმა ამოიძახა: “ო, ალლაჰ! მე ვარ შენი უფალი,
ხოლო შენ ჩემი მონა!” მან ეს შეცდომა უსაზღვრო სიხარულის გამო დაუშვა.”
კომენტარი:
1. ეს ჰადისიც ცოდვების მონანიებისა და პატიების თხოვნის დიდ
მნიშვნელობაზე მოგვითხრობს. ცოდვების მიტევება ალლაჰს დიდ სიამოვნებას
ანიჭებს.
2. აღარ მოგიწევს პასუხისგება უნებლიედ ჩადენილი დანაშაულისთვის.
3. დასაშვებია დაფიცება, რათა ადამიანს მონანიება აიძულო.
4. შესაძლებელია მაგალითის მოყვანა უკეთ გაგებისთვის და შემეცნებისთვის.
16. აბუ მუსა ალ-აშ’არი (კ.ი.მ.ა.)მოგვითხრობს: ალლაჰის შუამავალმა
(ა.დ.მ.) გვითხრა, რომ მაღალი ალლაჰი კვლავაც გამოგვიწვდის ხელს ღამით,
რათა დღის განმავლობაში ჩადენილი ცოდვები მოვინანიოთ და გამოგვიწვდის
ხელს დილით, რათა ღამის განმავლობაში ჩადენილი ცოდვები მოვინანიოთ. ასე
იქნება მანამ, სანამ მზე დასავლეთიდან არ ამოვა.”
[მუსლიმი]
კომენტარი:
ეს ჰადისი ადასტურებს ალლაჰის განუყოფელ ატრიბუტს, ესე იგი, ხელს,
რომელსაც ის ყოველთვის გვიწვდის. მას არ სურს ამის რამესთან შედარება, ან
_ ახსნა-განმარტება. ასეთი იყო ჩვენი მორწმუნე წინაპრების დამოკიდებულება
ალლაჰისადმი. ამ ჰადისიდან გამომდინარეობს, რომ თუ ვინმე ცოდვას ჩაიდენს
დღისით, ან _ ღამით, მან დაიყოვნებლივ უნდა მიმართოს ალლაჰს
პატიებისთვის.
17. აბუ ჰურაია (კ.ი.მ.ა.)მოგვითხრობს: ალლაჰის შუამავალმა (ა.დ.მ.)
თქვა: “მას, ვინც მოინანიებს, ალლაჰი მიუტევებს მანამ, სანამ მზე
დასავლეთიდან არ ამოვა.” [მუსლიმი]
კომენტარი:
თაუბა ცოდვის ჩადენის შემდეგ ალლაჰისკენ დაბრუნებას ნიშნავს. როდესაც
ადამიანი ცოდვას სჩადის, ის ალლაჰს შორდება. როდესაც ცოდვას ინანიებს, ის
ალლაჰთან ბრუნდება და სურს, რომ მიეტევოს. ამით ის ალლაჰს უახლოვდება.
ალლაჰისკენ დაბრუნება არის თაუბა. როდესაც ვამბობთ, რომ “ალლაჰი მისკენ
შებრუნდება”, ეს იმას ნიშნავს, რომ ალლაჰი იღებს მის მონანიებას.
18. აბდულა ბინ უმარ ბინ ალ-ჰთაბი (კ.ი.მ.ა.) მოგვითხრობს, რომ
შუამავალმა (ა.დ.მ.) თქვა _ “ალლაჰი მიიღებს მისი მონის მონანიებას
სიკვდილის კარამდე (ანუ, სანამ მომაკვდავს სული ყელში მოადგება)”.
[ათ-თირმიზი, რომელის ამას ჰადის ჰასანს უწოდებს].
კომენტარი:
სიტყვა გარგარა ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც სული სადაც არის სხეულს
დატოვებს და ყელშია მომდგარი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც
ადამიანი სასიკვდილო აგონიაშია.
ჰასან ჰადისი ის ჰადისია, რომლის ჭეშმარიტებაც დაკავშირებულია ნებისმიერ
ფორმალურ ხარვეზთან. მიუხედავად ამისა, მათი მთხრობელები ახლოს არიან
ჰადის საჰიჰთან. მუჰადითინების (ჰადისის მასწავლებლების) აზრით, ჰასან
ჰადისი ისევე სარწმუნოა, როგორც ჰადის საჰიჰი.
19. ზირ ბინ ჰუბეიში მოგვითხრობს: საფვან ბინ ასალთან (კ.ი.მ.ა.) მივედი,
რათა მეკითხა ვუდუს დროს ფეხზე გაუხდელად ხელის გაწმენდის შესახებ. მან
მკითხა _ “რისთვის მოხვედი, ზირ?” მე ვუპასუხე _ “ეძიე ცოდნა”. მან
მითხრა _ “ანგელოზები თავის ფრთებს შლიან ცოდნის მძებნელისთვის იმ
სიხარულისთვის, რომელსაც ის ეძიებს”. მე ვუთხარი _ “ეჭვები გამიჩნდა იმის
შესახებ, შეიძლება თუ არა მოშარდვის, ან დეფეკაციის შემდეგ სველი ხელის
შეწმენდა ფეხგაუხდელად ვუდუს ჩატარების დროს. შენთან იმიტომ მოვედი, რომ
შუამავლის (ა.დ.მ.) ერთ-ერთი კომპანიონი ხარ და მინდა გკითხო _ ხომ არ
გაგიგია, რომ შუამავალს (ა.დ.მ.) რამე ეთქვას ამის შესახებ?” მან
დადებითად მიპასუხა და მითხრა _ “მან, შუაავალმა (ა.დ.მ.) გვასწავლა, რომ
მოგზაურობის დროს, სამი დღისა და ღამის განმავლობაში შეიძლება ფეხზე არ
გავიხადოთ, თუ ძალიან არ დავისვარეთ (სექსუალური აქტის შემდეგ). სხვა
შემთხვევებში, მაგალითად ძილის დროს, კუჭის გაწმენდის, ან მოშარდვის
დროს, საკმარისი იქნება ხელის გაწმენდა ფეხზე გაუხდელად”. ამის შემდეგ
ვკითხე _ “გაგიგია, ოდესმე სიყვარულისა და გატაცების შესახებ ეთქვას
რამე?” მან მიპასუხა _ “ალლაჰის შუამავალთან (ა.დ.მ.) ერთად რომ
ვმოგზაურობდით, ერთმა ბედუინმა ხმამაღლა წამოიძახა “ო, მუჰამედ!” ალლაჰის
შუამავალმა (ა.დ.მ.) იგივე ტონით უპასუხა “აქ ვარ”. მე იმ ბედუინს
ვუთხარი _”ჰეი, შენ! ხმას დაუწიე რადგან მისი თანდასწრებით ყვირილის
უფლება არ გაქვს”. მან მითხრა _”ალლაჰს ვფიცავ, ხმას არ დავუწევ!” და
შემდეგ შუამავალს (ა.დ.მ.) ჰკითხა _”რა ქნას ადამიანმა, რომელსაც ვიღაც
უყვარს, ვინც მასთან არ არის”. ალლაჰის შუამავალმა (ა.დ.მ.) უპასუხა _
“განკითხვის დღეს ადამიანი მათ შორის იქნება, ვინც უყვარს.” ამის შემდეგ,
ალლაჰის შუამავალმა ჩვენთან საუბარი განაგრძო და ამ საუბრის დროს
სამოთხის კარიც ახსენა, რომლის სიგანეც მხედრის 40, ან 70 დღის სავალს
უდრის”.
სუფიანმა, ამ თქმულების ერთ-ერთმა მთხრობელმა თქვა _ “ეს კარი სირიის
მხარეს არის. ალლაჰმა იგი იმავე დღეს შექმნა, რა დღესაც სამოთხე და
დედამიწა. ის ღიაა მონანიეთათვის და არ დაიხურება მანამ, სანამ მზე სხვა
მხრიდან არ ამოვა (ე.ი. დასავლეთიდან) (ქვეყნიერების დასასრულს).” [ათ-
თირმიზი, რომელის ამას ჰადის ჰასან საჰიჰს უწოდებს].
კომენტარი:
ეს ჰადისი გვასწავლის, რომ
1. განწმენდის დროს დასაშვებია ხელის შემშრალება ფეხზე გაუხდელად და
ფეხის დაუბანლად. ამას მასი ჰქვია. მასი დასაშვებია სამი დღისა და სამი
ღამის განმავლობაში მოგზაურობის დროს; როდესაც არ მოგზაურობ, მაშინ ეს
მხოლოდ ერთი დღისა და ერთი ღამის განმავლობაში შეიძლება. აუცილებელია ამ
დროს მსუბუქი ფეხსაცმელი იყოს სუფთა და ჩაცმული სრული ვუდუს შემდეგ.
კოჭებიც დაფარული უნდა იყოს. განწმენდის შეფერხების შემთხვევაში
დასაშვებია ხელის შემშრალება წინდების გაუხდელად და აუცილებელი არ არის
ფეხის ტერფების დაბანა. ვუდუს ძალას უკარგავს ძილი, ბუნებრივი
მოთხოვნილებები და გაზების გაშვება. ამას ჰადის აშგარი ჰქვია. ამ
შემთხვევაში, ჰადის აქბარი, რომელსაც ადგილი აქვს კოიტუსის,
მენსტრუაციის, ან ეროტიკული სიზმრის შემდეგ აუცილებელია მთელი სხეულის
დაბანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ფეხზე გაუხდელად ხელის
გაწმენდის ნებართვაც გაუქმებულია ისევე, როგორც ამისთვის განკუთვნილი
დროის გასვლის შემდეგ.
2. თუ ვინმეს სურს, რომ მორწმუნეთა შორის იხსენიებოდეს, ურთიერთობა უნდა
ჰქონდეს მორწმუნეებთან. ამ ჰადისში არის კიდევ რამდენიმე იდეა, რომლის
გაგებაც ყველა განათლებულ ადამიანს შეუძლია, თუ ამას შეეცდება.
20. აბუ საიდ ალ-ურდუ (კ.ი.მ.ა.) მოგვითხრობს: ალლაჰის შუამავალმა
(ა.დ.მ.) თქვა: “თქვენამდე ერთ ქვეყანაში იყო კაცი, რომელმაც მას შემდეგ,
რაც 99 ადამიანი მოკლა იკითხა, თუ ვინ იყო ყველაზე განსწავლული კაცი
დედამიწაზე. ის ბერთან გაგზავნეს. კაცი ბერთან მივიდა და ჰკითხა იყო თუ
არა შესაძლებელი მისთვის ცოდვების მიტევება. ბერმა უარყოფითად უპასუხა.
ამის შემდეგ კაცმა ისიც მოკლა, რითაც მის მიერ მოკლულთა რაოდენობა ასამდე
გაიზარდა. ამის შემდეგ ისევ იკითხა, თუ ვინ იყო ყველაზე ნასწავლი კაცი
დედამიწაზე. ის სწავლულთან გაუშვეს. კაცი მასთან მივიდა და უთხრა, რომ
ასი კაცი ჰყავდა მოკლული. მასაც ჰკითხა, იყო თუ არა შესაძლებელი მისთვის
ცოდვების მიტევება. სწავლულმა დადებითად უპასუხა და უთხრა _ “რა უდგას
წინ შენს მონანიებას? წადი ამა და ამ მიწაზე; იქ ნახავ ადამიანებს,
რომლებიც საკუთარ თავს ლოცვას და ალლაჰის თაყვანისცემას უძღვნიან. შენს
ქვეყანაში ნუ დაბრუნდები, რადგან ეს სატანის ადგილია.” კაცმა დაუჯერა,
მაგრამ გზაში გარდაიცვალა. მიმტევებელ და დამსჯელ ანგელოზებს შორის დავა
გაიმართა. მიმტევებელი ანგელოზები ამბობდნენ _ “ეს კაცი ალლაჰთან მონანიე
გულით მივიდა”, ხოლო დამსჯელი ანგელოზები პასუხობდნენ _ “მას თავის
ცხოვრებაში სიკეთე არ გაუკეთებია”. მაშინ გამოჩნდა კიდევ სხვა ანგელოზი,
რომელსაც ადამიანის სახე ჰქონდა და მოკამათე ანგელოზებმა გადაწყვიტეს
მისთვის ეკითხათ, თუ ვინ იყო მართალი და ვინ მტყუანი. მან თქვა _
“გაზომეთ ადგილი ორ ქვეყანას შორის. განსაჯეთ იმ ქვეყნის მიხედვით,
რომელთანაც უფრო ახლოს იქნება”. ანგელოზებმა მანძილი გაზომეს და ნახეს,
რომ კაცი იმ ქვეყანასთან უფრო ახლოს იყო, სადაც მიდიოდა (მორწმუნეთა
ქვეყანასთან). ამგვარად, მისი სული მიმტევებელმა ანგელოზებმა წაიყვანეს”.
[ალ-ბუქარი და მუსლიმი] .
სხვა ვერსიაში : “მორწმუნეთა ქვეყანასთან უფრო ახლოს მხოლოდ მისი იდაყვი
აღმოჩნდა და მაინც მას მიაკუთვნეს”. კიდევ სხვა ვერსიის მიხედვით:
“ალლაჰმა ბრძანა, რომ ის ქვეყანა, საიდანაც კაცი წამოვიდა, შორს
გაწეულიყო, ხოლო ქვეყანა, სადაც მიდიოდა, ახლოს მოწეულიყო. შემდეგ კი
თქვა _ “ახლა გაზომეთ მანძილი მათ შორის”. აღმოჩნდა, რომ თავის მიზანთან
ერთი ხელის გაწვდენის მანძილით უფრო ახლოს იყო და ამიტომ ეპატია.”
ამბობენ აგრეთვე, რომ მისი ბარგი ნელნელა გაცურდა და პატრონიც გაიყოლა.
კომენტარი:
1. ამ ჰადისიდან უნდა ვისწავლოთ, რომ თუბაჰის კარი ღიაა თუნდაც ყველაზე
მძიმე ცოდვილთათვის და რომ ალლაჰი ყველას მიუტევებს, ვინც გულწრფელად
მოინანიებს. მონანიების პირობებზე უკვე ვილაპარაკეთ.
2. რელიგიური მოღვაწის მოვალეობაა, რომ ნებისმიერი საკითხის განხილვის
დროს ფილოსოფიურ ასპექტებზე იფიქროს და არა ფიზიოლოგიურზე. მან უნდა
მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც არც ალლაჰის შეგინებებს ეწინააღმდეგება
და არც სასოწარკვეთილებით გამოწვეული უაზრო საქციელისკენ უბიძგებს
ცოდვილს.
3. როდესაც საჭირო იქნება, ალლაჰის ნებით, ანგელოზები ადამიანის სახით
მოგვევლინებიან.
21. აბდულა ბინ ქაბმა, რომელიც კაბ ბინ მალიკის (კ.ი.მ.ა.) მრჩევლად
მუშაობდა, დაბრმავების შემდეგ მოგვითხრო: “გავიგონე, როგორ ყვებოდა კაბ
ბინ მალიკი (კ.ი.მ.ა.) ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ დარჩა სახლში და არ
გაჰყვა ალლაჰის შუამავალს (ა.დ.მ.) თაბუკის ბრძოლაში. კაბმა თქვა:
“ალლაჰის შუამავალს (ა.დ.მ.) მის ყველა საბრძოლო ექსპედიციაში ვახლდი,
გარდა თაბუკისა და ბადრის ბრძოლებისა. რახ შეეხება ბადრის ბრძოლას, მათ
შორის, ვინც იქ არ წავიდა, არავინ დასჯილა, რადგან ალლაჰის შუამავალს
(ა.დ.მ.) და მუსლიმებს, რომლებიც წავიდნენ, მხოლოდ ყურეიშების ქარავნის
შეჩერება სურდათ. ალლაჰმა ინება, რომ მტერს მოულოდნელად შებრძოლებოდნენ.
მე პატივი მქონდა, აქაბას ღამეს ალლაჰის შუამავლის (ა.დ.მ.) გვერდით
ვყოფილიყავი, როდესაც ჩვენგან ისლამის ერთგულებას ითხოვდა და ეს ჩემთვის
უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე ბადრის ბრძოლა. თუმცა, ბადრის ბრძოლას
ადამიანებში უფრო მეტი სახელი ჰქონდა. თაბუკის ბრძოლის დროს ჩემი სახლში
დარჩენის ამბავი კი ასე იყო _ მანამდე არასოდეს მქონია ისეთი კარგი
პირობები და მდგომარეობა, როგორიც ამ ექსპედიციის დროს მქონდა. და ალლაჰს
ვფიცავ, ორი საბრძოლო აქლემიც მანამდე არასოდეს მყოლია. მხოლოდ ამ
ექსპედიციის დროს მყავდა. როდესაც ალლაჰის შუამავალი (ა.დ.მ.) ახალი
კომპანიიისთვის ემზადებოდა, უკანასკნელ დრომდე არასოდეს ასახელებდა
ბრძოლის ნამდვილ ადგილს. ამ ექსპედიციას უაღრესად ცხელი ამინდი დაემთხვა.
წინ იყო შორი გზა ხრიოკ უდაბნოში და შეტაკება ძლიერ მტერთან. შუამავალმა
მუსლიმებს ამის შესახებ ამცნო, რათა ისინი შესაბამისად მომზადებულიყვნენ.
მაშინ ალლაჰის შუამავლის (ა.დ.მ.) გვერდით ბევრი მუსლიმი იყო, მაგრამ
მათი სათანადო აღრიცხვა არ ხდებოდა”. შენდეგ ქაბმა განაგრძო _ “მათ შორის
იყო რამდენიმე, ვინც დარჩენა გადაწყვიტა, რადგან იფიქრეს, რომ ეს
შეუმჩნეველი დარჩებოდა, თუ თვით მაღალი და მოწყალე ალლაჰი არ ინებებდა
ამის გაცხადებას. ალლაჰის შუამავალმა (ა.დ.მ.) ლაშქრობისთვის მზადება
მაშინ დაიწყო, როდესაც ხილი მწიფე იყო და ჩრდილიც საკმარისი. მე მათზე
უარის თქმა ყოველთვის მიჭირდა. ეს იყო სეზონი, როდესაც ალლაჰის შუამავალი
(ა.დ.მ.) და მუსლიმები ლაშქრობისთვის ემზადებოდნენ. მეც ყოველ დილას
მათთან ერთად გავდიოდი მოსამზადებლად, მაგრამ არაფერს ვაკეთებდი და
საკუთარ თავს ვეუბნებოდი _ “ყველაფერი საკმარისი მაქვს. როდესაც საჭირო
იქნება, მზად ვიქნები”. საქმის გადადებას მანამ ვაგრძელებდი, სანამ
გასვლის დრო არ მოვიდა. და აი, დადგა დილა, როდესაც ალლაჰის შუამავალი
(ა.დ.მ.) მუსლიმებთან ერთად გაემგზავრა, მე კი მზად არ ვიყავი. დილას
გავდიოდი, რომ მოვმზადებულიყავი და ჯარს დავწეოდი, მაგრამ შემდეგ ისევ
უკან ვბრუნდებოდი. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ საკმაოდ შორს არ წავიდნენ.
მერე გადავწყვიტე ავჩარებულიყავი და გზაში დავწეოდი. ნეტა ასე
მომხდარიყო! მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ მეწერა. ყოველთვის, როდესაც გარეთ
გავდიოდი, ჩემდა სამწუხაროდ ვაწყდებოდი არა ისეთ მაგალითებს,
რომლებისთვისაც უნდა მიმებაძა, არამედ თვალთმაქცებს, ან სუსტ ადამიანებს,
რომლებიც ალლაჰს გათავისუფლებული ჰყავდა ჯიჰადისთვის ბრძოლისგან. ალლაჰის
შუამავალს (ა.დ.მ.) ჩემი არყოფნა არ გაუგია, სანამ თაბუკამდე არ
მიაღწიეს. იქ, როდესაც სხვებთან ერთად იჯდა, იკითხა _ “ქაბინ მალიკს რა
დაემართა?” კაცმა, რომელიც ბანუ სალიმიდან იყო, უპასუხა _ “ო, ალლაჰის
შუამავალო, თავისი მოსასხამის სილამაზეს და ძვირფასეულობას ვერ შეელია”.
ამაზე მუად ბინ ჯაბალი (კ.ი.მ.ა.) გამომესარჩლა და ალლაჰის შუამავალს
(ა.დ.მ.) უთხრა _ “ალლაჰს ვფიცავ, მასზე კარგის მეტი არაფერი ვიცით”.
ალლაჰის შუამავალს (ა.დ.მ.) არაფერი უთქვამს. მაშინ მან, შუამავალმა
(ა.დ.მ.) დაინახა თეთრებში ჩაცმული კაცი და თქვა _ “იყავი აბუ
ჰაითამაჰი”. და იყო აბუ ჰაითამაჰ ალ ანსარი, ადამიანი, რომელმაც წვლილი
შეიტანა თარიღების სა-ში და რომელსაც თვალთმაქცები დასცინოდნენ”. შემდეგ
ქაბ ბინ მალიქმა განაგრძო: “როდესაც გავიგე, რომ ალლაჰის შუამავალი
(ა.დ.მ.) თაბუქიდან უკან ბრუნდებოდა, ძალიან შევშფოთდი. დავიწყე ფიქრი
თავის გასამართლებელი მიზეზების შესახებ. თავს ვეკითხებოდი, თუ როგორ
უნდა გადავრჩენოდი მის რისხვას. ამასთან დაკავშირებით აზრი ჩემი ოჯახის
ჭკვიან წევრებსაც ვკითხე. როდესაც მითხრეს, რომ ალლაჰის შუამავალი
(ა.დ.მ.) სადაც იყო ქალაქში შემოვიდოდა, ყველაფერი გადამავიწყდა და
დავასკვენი, რომ მხოლოდ სიმართლე მიხსნიდა. ამიტომ გადავწყვიტე, სიმართლე
მეთქვა. ალლაჰის შუამავალი (ა.დ.მ.) ალ მადინაში დილას მოვიდა. მას
ჩვევად ჰქონდა, რომ ყოველთვის, როდესაც მოგზაურობიდან ბრუნდებოდა,
პირველად მეჩეთში მიდიოდა და ორ რაქაათ-ს (არასავალდებულო ლოცვას)
ატარებდა, შემდეგ კი ხალხთან ჯდებოდა. როდესაც ხალხთან გავიდა, მათ, ვინც
სახლში დარჩნენ, მის წინაშე თავისმართლება და ფიცი დაიწყეს. მათი
რაოდენობა 80-ს აჭარბებდა. ალლაჰის შუამავალმა (ა.დ.მ.) ყველას მოუსმინა,
მათი ერთგულების ფიცი მიიღო და განსჯა ალლაჰს მიანდო. ჩემი ჯერიც დადგა.
როდესაც მივესალმე, გამიღიმა, მაგრამ მის ღიმილში სიბრაზის ნაპერწკალი
შევნიშნე. შემდეგ მან მითხრა _ “ წინ გამოდი”. მე გავედი და მის წინ
დავჯექი. მან მკითხა _ “რამ დაგაკავა? წამოსვლა არ შეგეძლო?” მე ვუპასუხე
_ “ო, ალლაჰის შუამავალო, ალლაჰს ვფიცავ, ახლა სხვის წინ რომ ვიჯდე,
ამქვეყნიური კაცის წინ, თავს რომელიმე წინასწარმოფიქრებული ამბის მოყოლით
გავიმართლებდი. მე ხომ თავის მართლების დიდი ნიჭი მაქვს. მაგრამ ალლაჰს
ვფიცავ, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ თუ ახლა შენს საამებლად ტყუილ
თავისმართლებას დავიწყებ, ალლაჰი თავს შენს რისხვას დამატეხს. თუ
სიმართლეს გეტყვი, შეიძლება ჩემზე გაბრაზდე, მაგრამ მაგრამ იმედი მაქვს,
ალლაჰი კმაყოფილი დარჩება და ჩემს მონანიებას შეისმენს. ალლაჰს გეფიცები,
საპატიო მიზეზი არ მაქვს. ალლაჰს გეფიცები, ამდენი სიმდიდრე არასოდეს
მქონია და არც არასოდეს მქონია ისეთი შესაფერისი პირობები, როგორიც მაშინ
მქონდა, როდესაც სახლში დავრჩი. ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ა.დ.მ.)
თქვა _ “ეს კაცი მართალს ამბობს. ჰოდა, ახლა ადექი და ველოდოთ, როდის
მომცემს ალლაჰი ნიშანს მისი გადაწყვეტილების შესახებ”. მე წამოვედი. ბანუ
სალიმას რამდენიმე მოსახლეც გამომყვა. მათ მითხრეს _ “ალლაჰს ვფიცავთ,
არასოდეს გაგვიგონია, რომ აქამდე რამე ცოდვა ჩაგედინოს, მაგრამ ალლაჰის
შუამავლის (ა.დ.მ.) წინაშე თავის მართლება ყველამ შესძლო შენს გარდა.
შენი ცოდვის მისატევებლად საკმარისი იქნება, რომ შენი პატიება თვით
ალლაჰის შუამავალმა (ა.დ.მ.) ითხოვოს”. მანამ არ მომეშვნენ, სანამ უკან
დაბრუნებაზე და ალლაჰის შუამავლისთვის (ა.დ.მ.) მიცემული აღიარების
უარყოფაზე ფიქრი არ დავიწყე. შემდეგ ვიკითხე _ “არის ვინმე ჩემს
მდგომარეობაში?”. მათ მითხრეს _ ”ჰო, ორ კაცს იგივე ბედი ეწვია. მათ
იგივე აღიარეს, რაც შენ და მათაც იგივე განაჩენი ერგოთ.” შემდეგ მე
ვკითხე _ “ვინ არიან ისინი?” მათ მითხრეს _ “მურარა ბინ არ-რაბი ალ-ამრი
და ჰილალ ბინ უმაია ალ-ვაგიფი”. მათ ახსენეს ეს ორი მორწმუნე ადამიანი,
რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბადრის ბრძოლაში და ჩემთვის სამაგალითონი
იყვნენ. ამან ჩემი თავდაპირველი გადაწყვეტილების სისწორეში დამარწმუნა.
ალლაჰის შუამავალმა (ა.დ.მ.) მუსლიმებს ჩვენთან დალაპარაკება აუკრძალა.
ადამიანები თავს გვარიდებდნენ. მათი ჩვენდამი დამოკიდებულება შეიცვალა.
ჩანდა, რომ ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ შეტრიალდა. მართალი გითხრათ
მე სწორედ ასეთ შედეგს ველოდი. ასე გავატარეთ 50 ღამე ჩვენ-ჩვენს
სახლებში მე და ჩემმა ორმა მეგობარმა. დროის უმეტეს ნაწილს ტირილში
ვატარებდით. მათ შორის მე ყველაზე ახალგაზრდა და ძლიერი ვიყავი. ხანდახან
სახლიდან გავდიოდი და კონგრეგაციულ სალათს ვესწრებოდი, ხან ბაზარში
დავდიოდი, მაგრამ არავინ მელაპარაკებოდა. ხანდახან ალლაჰის შუამავალთან
(ა.დ.მ.) მივდიოდი, რომელიც სალათის შემდეგ ხალხში იჯდა ხოლმე და
ვცდილობდი გამომეცნო, შეარხია თუ არა ტუჩები ჩემი მისალმების პასუხად.
შემდეგ მის ახლოს სალათს ვასრულებდი და თან ჩუმად ვუყურებდი. სალათის
დასრულებისას შემომხედავდა ხოლმე, მაგრამ როგორც კი თვალის გასწორებას
შევეცდებოდი, მაშინვე სხვა მხარეს გაიხედავდა. როდესაც მუსლიმების მკაცრი
დამოკიდებულება ჩემს მიმართ ძალიან გახანგრძლივდა, წავედი და აბუ ქათაბას
ბაღის ღობეზე ავძვერი. ის ჩემი ბიძაშვილი იყო და ძალიან მიყვარდა.
მივესალმე, მაგრამ ალლაჰს ვფიცავ, მისალმებაზე არ მიპასუხა. მერე ვუთხარი
_ “ო, აბუ ქათაბა, ალლაჰის სახელს გაფიცებ, ნუთუ არ იცი, როგორ მიყვარს
ალლაჰი და მისი შუამავალი?” კითხვა ისევ გავუმეორე, მაგრამ ხმა არ გამცა.
როდესაც ისევ დავაფიცე, მითხრა _ “ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკეთ
იციან”. თვალები ცრემლით ამევსო და ღობიდან ისევ ქვევით ჩამოვედი.
“ერთხელ, როდესაც ალ-მადინას ბაზარში დავეხეტებოდი, ჩემთან ერთი სირიელი
გლეხი მოვიდა, რომელიც თავის მარცვლეულს ყიდდა. მან ხალხს ჰკითხა, ქაბ
ბინ მალიქის ნახვა სად შეიძლებაო. მათ თითი ჩემსკენ გამოიშვირეს. ის კაცი
ჩემთან მოვიდა და მეფე ჰასანის წერილი გადმომცა. მე ის წერილი წავიკითხე,
რადგან კითხვა ვიცოდი. იქ ეწერა _ “ხმა მომივიდა, რომ შენი მეგობარი
(შუამავალი (ა.დ.მ.)) ძალიან მკაცრად გექცევა. ალლაჰს იმ გარემოსთვის არ
შეუქმნიხარ, სადაც გამცირებენ და სადაც საკუთარ ადგილს ვერ პოულობ.
ამიტომ ჩვენთან მოდი და ჩვენ საკადრისი პატივით მოგექცევით”. როდესაც ეს
წერილი წავიკითხე, ვთქვი _ “ესეც გამოცდაა” და ის ღუმელში დავწვი.
როდესაც 40 დღე გავიდა და ალლაჰის შუამავალს (ა.დ.მ.) არაფერი ეცნობა,
მან ჩემთან თავისი შიკრიკი გამოგზავნა. მან მითხრა _ “ჭეშმარიტად,
ალლაჰის შუამავალმა (ა.დ.მ.) გიბრძანა, რომ შენს ცოლს აღარ გაეკარო.” მე
ვკითხე _ “უნდა გავეყარო, თუ რა ვქნა?” მან მიპასუხა _ “არა, მხოლოდ
მოერიდე და ნუ გექნება მასთან სექსუალური ურთიერთობა”. ასეთივე
დანაბარები მიიღო ჩემმა ორმა კომპანიონმა. ამიტომ ჩემს ცოლს ვუთხარი:
“უკეთესია შენს მშობლებთან წახვიდე და იქ დარჩე, სანამ ალლაჰი ჩემს
საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს”. ჰილალ ბინ უმაიას ცოლი ალლაჰის
შუამავალთან (ა.დ.მ.) მივიდა და უთხრა _ “ო, ალლაჰის შუამავალო, ჰილალ
ბინ უმაია მოხუცი კაცია და მსახური არ ჰყავს. წინააღმდეგი ხარ, რომ მას
ვემსახურო?” მან უთხრა _ “არა, მაგრამ შენთან სექსუალური ურთიერთობის
ნება არ მისცე”. მან უპასუხა _ “ალლაჰს ვფიცავ, ამის სურვილი უკვე აღარც
აქვს. ალლაჰს ვფიცავ, მას შემდეგ, რაც თავს ეს უბედურება დაატყდა, თვალზე
ცრემლი არ შეშრობია”. ჩემი ოჯახის წევრებმა მითხრეს _ “ალლაჰის
შუამავლისთვის (ა.დ.მ.) შენი ცოლის დატოვების ნებართვა უნდა გეთხოვა. მან
ჰილალ ბინ უმაიას ცოლს მის მსახურად დარჩენის ნება დართო”. მე ვუპასუხე _
“არ მინდა ალლაჰის შუამავალს (ა.დ.მ.) ნებართვა ვთხოვო იმიტომ, რომ არ
ვიცი, რას მიპასუხებს, რადგან მე ახალგაზრდა კაცი ვარ”. ამ მდგომარეობაში
კიდევ ათი ღამე გავატარე. ამგვარად, მას შემდეგ, რაც ბოიკოტი
გამოგვიცხადეს და ხმას აღარავინ გვცემდა, 50 დღე გავიდა. 50-ე დღის
ადრიან დილას, მას შემდეგ, რაც ფაჯრის ლოცვა შევასრულე და ჩვენი ერთ-ერთი
სახლის სახურავზე სწორედ ისეთ მდგომარეობაში ვიჯექი, რომელზეც ალლაჰმა
თქვა: “დედამიწა ციხედ მეჩვენებოდა, მიუხედავად მისი სიდიდისა”-ო, სალის
მთიდან შიკრიკის ხმა მომესმა, რომელიც მთელი ხმით ყვიროდა _ “ო, ქაბ ბინ
მალიქ! გაიხარე!” მე ძალაგამოცლილი ძირს დავეცი, რადგან მივხვდი, რომ ეს
იყო ჩემი გათავისუფლების ნიშანი. ალლაჰის შუამავალმა (ა.დ.მ.) ხალხს
აცნობა, რომ მისი ფაჯრის ლოცვის შემდეგ ალლაჰმა ჩვენი მონანიება
შეისმინა. ხალხი ჩემთან მოდიოდა, რომ სასიკეთო ამბავი ეცნობებინა. ზოგი
ჩემს კომპანიონებთან წავიდა, რომ მათთვის ეცნობებინა სასიკეთო ამბავი.
ჯერ ერთმა კაცმა ჩემთან ცხენი მოაგელვა (ახალი ამბის სათქმელად), შემდეგ
მეორემ ასლამის ტომიდან იგივე მიზნით მოირბინა, მაგრამ მე ყველაფერი
მანამ ვიცოდი, სანამ მხედარი მოვიდოდა. ბოლოს მოსალოცად ისიც მოვიდა,
ვისი ხმაც მთიდან გავიგონე. მას ჩემი ძვირფასი ტანსაცმელი ვაჩუქე
იმისთვის, რომ ეს სასიხარულო ამბავი მაცნობა. ალლაჰს ვფიცავ, მაშინ ამ
ტანსაცმლის მეტი ჩასაცმელი არაფერი მქონდა. ამიტომ ორი ხელი ტანსაცმელი
ვითხოვე, ჩავიცვი და ალლაჰის შუამავალთან (ა.დ.მ.) წავედი. გზაზე
ადამიანები ჯგუფად მხვდებოდნენ. ისინი მესალმებოდნენ და მეუბნებოდნენ –
“გილოცავთ, რომ უფალმა შენი მონანიება შეისმინა”. ბოლოს მივაღწიე
მეჩეთამდე, სადაც ხალხს შორის ალლაჰის შუამავალი (ა.დ.მ.) იჯდა. თალჰა
ბინ უბაიდულა წამოდგა და ჩემსკენ გამოექანა. მან ხელი ჩამომართვა და
მომილოცა. ალლაჰს ვფიცავ, მუჰაჯირთა შორის მის გარდა ფეხზე არავინ
წამომდგარა”. ქაბმა თქვა, რომ თალჰას ეს საქციელი მას მუდამ ახსოვდა.
შემდეგ ქაბმა განაგრძო: “მე ალლაჰის შუამავალს (ა.დ.მ.) ასალამუ ალეიქუმ,
ალლაჰის სალამით მივესალმე და დავინახე, რომ სახე სიხარულით უბრწყინავდა.
Mან, შუამავალმა (ა.დ.მ.) თქვა _ “გაიხარე შენი ყველაზე ბედნიერი დღით
მას შემდეგ, რაც დედამ ამ ქვეყნად მოგავლინა”. მე ვუპასუხე _ “ო, ალლაჰის
შუამავალო! (ა.დ.მ.) ეს ამბავი შენგან მოდის, თუ ალლაჰისგან?” მან თქვა _
“არა, ეს ალლაჰისგან მოდის”. ალლაჰის შუამავალს (ა.დ.მ.) ჰქონდა თვისება,
რომ როდესაც რამე უხაროდა, სახე ისე უბრწყინავდა, თითქოს მთვარის ნაწილი
ყოფილიყოს და მის სიხარულს ამით ვხვდებოდით. როდესაც მის წინ ვიჯექი,
ვთქვი, რომ ჩემს თავს პირობა მივეცი _ თუ ალლაჰი ჩემს თაუბას მიიღებდა,
მთელ ჩემს ქონებას გავცემდი ალლაჰისა და მისი მოციქულის (ა.დ.მ.)
საამებლად. ამაზე ალლაჰის შუამავალმა (ა.დ.მ.) მიპასუხა _ “ზოგი რამ
დაიტოვე. შენთვის ასე აჯობებს”. მე ვუპასუხე _ “მხოლოდ იმას დავიტოვებ,
რაც ჰაიბარში მაქვს”. შემდეგ დავუმატე _ “ო, ალლაჰის შუამავალო (ა.დ.მ.)!
ჭეშმარიტად ალლაჰმა შვება მიბოძა ჩემი გულწრფელობის გამო და ამიტომ ეს
შენდობა მავალდებულებს ჩემი ცხოვრების ბოლომდე მხოლოდ სიმართლე ვთქვა”.
შემდეგ ქაბმა დაამატა: “ალლაჰს ვფიცავ, მას შემდეგ, რაც ალლაჰის
შუამავალთან (ა.დ.მ.) ეს განვაცხადე, ტყუილის თქმა აზრადაც აღარ გამივლია
და იმედი მაქვს, რომ ალლაჰი ამისგან მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე
დამიცავს.
დიდებულმა და მაღალმა ალლაჰმა ეს ლექსი შექმნა:
(9:117,118)
ქაბმა თქვა: “ალლაჰს ვფიცავ, მას შემდეგ, რაც ალლაჰმა ისლამს მაზიარა, არ
მღირსებია კურთხევა იმაზე მნიშვნელოვანი, რაც ის სიმართლე, რომელიც მაშინ
ალლაჰის შუამავალს (ა.დ.მ.) ვუთხარი. მაშინ რომ ტყუილი მეთქვა,
დავიღუპებოდი ისე, როგორც ისინი დაიღუპნენ, ვინც ტყუილი თქვა, რადგან
ალლაჰმა ტყუილის მთქმელები დაახასიათა ყველაზე უარესად მაშინ, როდესაც ეს
შეგონება გამოაგზავნა:
(9:95,96)
შემდეგ ქაბმა დაამატა: “გადაწყვეტილებამ სამი ჩვენგანის საკითხზე
დაიგვიანა იმათთან შედარებით, ვინც ფიცის ქვეშ თავი იმართლა ალლაჰის
შუამავლის (ა.დ.მ.) წინაშე. ის ამას დასჯერდა. მათგან ერთგულების ახალი
ფიცი მიიღო და ალლაჰს მათი პატიება სთხოვა. ჩვენი საკითხი ალლაჰის
შუამავალმა (ა.დ.მ.) მანამ გადადო, სანამ ამას თვით ალლაჰი გადაწყვეტდა.
იმ სამმა, ვისი საქმეც შეჩერდა, შეწყალება მიიღო. აქ მთავარი ის კი არ
არის, რომ ჩვენ ექსპედიციაში არ წავედით, არამედ ის, რომ მან ჩვენი
საქმის გადაწვეტა დააგვიანა და გვალოდინა იმათზე მეტ ხანს, ვინც ფიცის
ქვეშ თავი იმართლა.”
[ალ-ბუჰარი და მუსლიმი].
სხვა ვერსიაში დამატებულია, რომ: “ალლაჰის შუამავალი (ა.დ.მ.) თაბუკში
ხუთშაბათს გაემგზავრა. მგზავრობის დასაწყებად ის ყოველთვის ამ დღეს
ამჯობინებდა.” კიდევ სხვა ვერსიაში წერია: “ალლაჰის შუამავალი (ა.დ.მ.)
მოგზაურობიდან უკან დილაადრიან ბრუნდებოდა და პირადპირ მეჩეთში მიდიოდა,
სადაც ორ რაქას ლოცვას ასრულებდა. ამის შემდეგ კი თავისთვის მარტო იჯდა.”
კომენტარი:
ეს ჰადისი მრავალ ასპექტს და რჩევას შეიცავს, რომელთაგან ზოგიერთი ქვემოთ
არის ჩამოთვლილი:
1. მუსლიმმა ყოველთვის სიმართლე უნდა თქვას, თუნდაც ამისთვის მწუხარება
და ტანჯვა ელოდეს, რადგან ალლაჰის სიამოვნება მხოლოდ სიმართლეშია.
2. თვალთმაქცობას თავი უნდა აარიდო ნებისმიერ ფასად, რადგან საბოლოოდ ის
დაგღუპავს.
3. მონაწილეობა უნდა მიიიღო ჯიჰადში მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან
ძნელია.
4. სხვათა გასაფრთხილებლად და შესაგონებლად, მართებულია ეკონომიური
ბოიკოტი გამოუცხადო თუნდაც გულწრფელ მუსლიმს, რომელმაც მცდარ ხერხს
მიმართა.
5. მოთმინებით უნდა შეხვდე სიძნელეებს, რომლებიც თან ახლავს (დინს)
რწმენას.
6. არ ღირს ქველმოქმედებაში დახარჯო ყველაფერი, რაც გაგაჩნია. უნდა
დაიტოვო ის, რაც მართებული საჭიროებებისთვის გეკუთვნის.
7. მართებულია დაასაჩუქრო ის, ვინც ბედნიერების ჟამს გილოცავს.
8. პატიების თხოვნის უნარი უფლის საჩუქარია, როსთვისაც მას მადლობა უნდა
ვთხრათ.
9. ყველა მიცემული პირობა უნდა შესრულდეს და სხვა და სხვა...
22. იმრან ბინ ალ-ჰუსაინ ალ-ქუზაი მოგვითხრობს: ჯუჰაინას ტომის ქალი,
რომელიც მრუშობის შედეგად (ზინა) დაფეხმძიმდა, ალლაჰის შუამავალთან
(ა.დ.მ.) მივიდა და უთხრა: “ო, ალლაჰის შუამავალო! ცოდვა ჩავიდინე,
რომელიც ჰადს (კანონიერ სასჯელს) იმსახურებს. მოითხოვე სასაჯელის
აღსრულება”. ალლაჰის შუამავალმა (ა.დ.მ.) მის მცველს დაუძახა და უთხრა _
“კეთილად მოეპყარი და მშობიარობის შემდეგ მომგვარე”. იმ კაცმა ბრძანება
შეასრულა. მაშინ შუამავალმა (ა.დ.მ.) განაჩენი გამოაცხადა. ქალს თავისი
ტანსაცმელი მჭიდროდ შემოახვიეს და ქვებით ჩაქოლეს. მის დაკრძალვაზე
შუამავალმა (ა.დ.მ.) ლოცვები წაიკითხა. უმარმა ჰკითხა _ “ო, ალლაჰის
შუამავალო! მან ზინა ჩაიდინა, შენ მის დაკრძალავაზე ლოცვები წაიკითხე?”
მან უპასუხა _ “ჭეშმარიტად, მან მოინანია იმ ფასად, რომელიც ალ-მადინას
70 კაცს ეყოფოდა, მათზე თანაბრად რომ გადაგვენაწილებინა. განა შეიძლება
არსებობდეს იმაზე მეტი მონანიება, ვიდრე ის, რომ მან საკუთარი ნებით
გაიღო სიცოცხლე, რათა მაღალი ალლაჰის გული მოეგო?” [მუსულმანი]
კომენტარი:
ეს ჰადისი ხაზს უსვამს შემდეგ ხუთ საკითხს:
1. ადასტურებს, რომ რაიმის სასჯელი მრუშობისთვის არის ქვებით ჩაქოლვა;
2. გულწრფელი მონანიების ფასს;
3. აქ აღწერილია ალლაჰის შუამავალის კომპანიონების შიში ალლაჰისა და
განკითხვის დღის მიმართ. ასევე ნაჩვენებია, რომ ისინი უპირატესობას
ანიჭებენ სასჯელს ამქვეყნიურ ცხოვრებაში და არა იმქვეყნად.
4. დასაშვებია ილოცო იმის დასაფლავებაზე, ვინც მძიმე ცოდვები ჩაიდინა.
ოღონდ იმ პირობით, რომ მას შეგნებული აქვს თავისი დანაშაული. წინააღმდეგ
შემთხვევაში შეიძლება ურწმუნოებამ იმძლავროს.
5. ფეხმძიმე ქალის დასჯა არ შეიძლება, სანამ ის ბავშვს არ გააჩენს და
ბავშვის ძუძუთი კვება არ დამთავრდება.
23. იბნ აბას და ანაას ბინ მალიკი (კ.ი.მ.ა.) მოგვითხრობს: ალლაჰის
შუამავალმა (ა.დ.მ.) თქვა: “ადამის ძეს ოქროთი სავსე ხეობა რომ ჰქონოდა,
ორს მოინდომებდა. მის პირს ვერაფერი ამოავსებს (საფლავის) მიწის გარდა.
ალლაჰი მოწყალეა მათთვის, ვინც მისგან შენდობას ითხოვს”.
[ალ-ბუხარი და მუსულმანი].
კომენტარი:
ეს ჰადისი ეხება ადამიანის სიხარბეს და მის გარყვნას მატერიალური
სიმდიდრით. ამისგან გადარჩენა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ურყევი რწმენა
გააჩნია.
24. აბუ ჰურაია (კ.ი.მ.ა.)მოგვითხრობს: ალლაჰის შუამავალმა (ა.დ.მ.) თქვა
_ “დიდი ალლაჰი ორ ადამიანს უღიმის. ამათგან ერთმა მეორე მოკლა, და ორივე
ჯანაში უნდა შევიდეს. პირველი მეორემ მოკლა მაშინ, როდესაც ის ალლაჰის
გულისთვის იბრძოდა. ალლაჰმა შეუნდო მეორეს და მას ისლამის მიღება
შთააგონა, რის შემდეგაც ისიც ალლაჰის გულისთვის ბრძოლაში დაიღუპა, როგორც
შაჰიდი (მოწამე).
[ალ-ბუხარი და მუსულმანი]
კომენტარი:
უდიდესი ცოდვებიც კი, რომლებიც ისლამის რწმენის მიღებამდეა ჩადენილი,
შეიძლება მონანიებით გამოისყიდო.
ღიმილიც ალლაჰის ერთ-ერთი ატრიბუტია, თუმცა მისი ბუნების შესახებ არაფერი
ვიცით.