ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი. მან ისაუბრა რუსეთის
მიერ სამხრეთ ოსეთში განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს
კონფლიქტურ რეგიონებში ჯერ კიდევ უკიდურესად გამწვავებული სიტუაციის
ფონზე რუსეთის მცდელობის შედეგად ეუთოსა და გაეროს სადამკვირვებლო
მისიის დასრულების ნეგატიურ მხარეებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.
შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში _ აფხაზეთსა და
სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესის, საქართველო-რუსეთის
საზღვრებთან მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების «კავკასია
2009», ასევე რუსული სახელმწიფო მედიის მიერ გაწეული ანტიქართული
მილიტარისტული პროპაგანდის მასშტაბების თაობაზე. გიორგი წერეთელმა
მოუწოდა ეუთოს საპარალამენტო ასამბლეის მონაწილეებს გააძლიერონ
სადამკვირვებლო მექანიზმები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების
რეგულარული მონიტორინგის მიზნით.
დასასრულს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მადლობა
გადაუხადა თოთოეულ კოლეგასა და ქვეყანას, რომლებმაც თანადგომა და
მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოსადმი და მისი დემოკრატიული, ევროპული
მომავლისადმი.