პარლამენტის შუალედური არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსის და ცსკოს
ადმინისტრაციის ახალი შემადგენლობის პირობებში ჩატარდება.
ამის თაობაზე გადაწყვეტილება დღეს საპარლამენტო ოპოზიციისა და
უმრავლესობის წარმომადგენლებმა ერთობლივი კონსულტაციების შედეგად
მიიღეს.
"ქვეყნის დემოკრატიზაციის და რეფორმების გაგრძელების გათვალისწინებით,
ნებისმიერი არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსის და ახალი ადმინისტრაციის
პირობებში უნდა ჩატარდეს. იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური
ნება და მთელი რიგი პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კოდექსის რეფორმირების
პროცესშია ჩართული", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით
ბაქრაძემ დღეს გამართული კონსულტაციების დასრულების შემდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ კონსულტაციას საპარლამენტო
უმცირესობიდან ლევან ვეფხვაძე, პაატა დავითაია, გია თორთლაძე, გურამ
ჩახვაძე და ჯონდო ბაღათურია ესწრებოდნენ.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის რეგისტრაცია დღევანდელ ბიუროს სხდომაზე
მოხდება, ხოლო საგანგებო სესია მიმდინარე კვირაში გაიმართება.