პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაბა თიანეთს ესტუმრა და სახალხო
დიალოგის ფორმატში მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა.
იგი თხუთმეტწლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილ სახალხო დღესასწაულს
"თიანეთობას" დაესწრო, რომლის ფარგლებშიც გაიხსნა რეაბილიტირებული
კულტურის ცენტრი, გაიმართა ქართული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და
სპორტული ღონისძიებები.
პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას განახლებული კულტურის
ცენტრის გახსნა მიულოცა და განაცხადა, რომ ასეთი ცენტრებისა და
ტრადიციული სახალხო დღესასწაულების აღდგენა ხელს შეუწყობს ქართული
კულტურის შენარჩუნებას და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემას.
დავით ბაქრაძემ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც ადგილობრივ
მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებს და მათ მოგვარებას დაჰპირდა:
"წყალმომარაგების პრობლემა წელს აუცილებლად მოგვარდება, არა მარტო
ცენტრისთვის, არამედ ყველა გარშემო მდებარე სოფლისთვის. წელსვე
გადაწყდება გზების პრობლემა. მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და
მომავალ წელს დასრულდება გაზიფიცირების სამუშაოები".
მისივე თქმით, ყველა ის პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც ხელისუფლება
მოსახლეობას შეჰპირდა აუცილებლად მოგვარდება თანდათანობით, ნაბიჯ–ნაბიჯ
და საქართველოს ყველა რეგიონი თანაბრად განვითარდება.
დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ბევრი პრობლემის დროულად
მოგვარებაში ხელი შეუშალა ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებულმა
მოვლენებმა: რუსულმა აგრესიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა.
სახალხო დღესასწაულს ესწრებოდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და
ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ასევე საქართველოში აკრედიტებული
დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.