ბექა ერგემლიძე, ლაშა ლაკირბაია, ნიკა მაჭავარიანი, ლევან ვარამაშვილი,
ლაშა ფერაძე და ცოტნე ტაბიძე მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის
გამარჯვებულები არიან. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განათლებისა
და მეცნიერების მინისტრი ნიკა გვარამია დახვდა და პირადად მიულოცა დიდი
წარმატებები.
მათემატიკის 50-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე გერმანიის ქ. ბრემენში,
საქართველოს ეროვნული ნაკრების 6 წევრი მონაწილეობდა. სამმა მათგანმა
ვერცხლის, ორმა კი - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საპატიო სიგელით
დაჯილდოვდა ეროვნული ნაკრების ყველაზე პატარა წევრი ცოტნე ტაბიძე.
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველოსთან ერთად 104 მონაწილე
ქვეყნა მონაწილეობდა. ჩვენმა ნაკრებმა, წელს პირველად 25-ე ადგილი
დაიკავა და ისეთ ქვეყნებს გაუსწრო როგორიცაა საფრანგეთი, ბელგია,
პოლონეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი, ინდოეთი, ყაზახეთი...
წელს პირველად საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს
ნაკრები გუნდების შერჩევის, მომზადებისა და მონაწილეობის ადმინისტრირება
განხორციელა საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.
გამარჯვებული მოსწავლეები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. ვერცხლის
მედლის მფლობელი მიიღებს 3000 ლარს, ბრინჯაოს მედალოსანი -2 000 ლარს.
წელს საერთაშორისო სასკოლო ოლიმპიადებზე საქართველომ დელეგაციები სამ
დისციპლინაში (ფიზიკაში, მათემატიკასა და ინფორმატიკაში) წარადგინა.
23 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიური ნაკრების წევრებს,
განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად, ეროვნული სამეცნიერო
ფონდის დირექტორი ნათია ჯოხაძე, ეროვნული ნაკრების სხვა წევრები და
მწრთვნელები დახვდნენ.