ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

3 views
Skip to first unread message

mev...@gmail.com

unread,
Aug 4, 2009, 4:19:27 AM8/4/09
to muslimgeorgia


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

ბატონო ვიცე პრეზიდენტო,

საპატიო სტუმრებო,

ძვირფასო მეგობრებო,

ჩემთვის უდიდესი სიამოვნება და უზარმაზარი პატივია მოგესალმოთ აქ,
საქართველოში, ამ შესანიშნავ ახალ შენობაში.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობა განსაკუთრებულ
პატივს წარმოადგენს და საქართველოს ესოდენ დიდი ხნის მეგობრის
მასპინძლობით უდიდეს სიამოვნებას განვიცდი.

ბატონო ვიცე პრეზიდენტო, ძალიან ცოტა ადამიანი თუ აღიქვამს იმ
გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. მათგან კიდევ უფრო
ცოტას (ან სულაც არავის) არ აღმოუჩენია ჩვენთვის ისეთი ძლიერი და ბრძნული
მხარდაჭერა, როგორც ეს თქვენ გააკეთეთ.

ვსარგებლობ შემთხვევით და დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ დახმარებისათვის,
თქვენი რჩევებისა და მხარში დგომისათვის, იმ რწმენისათვის, რომელსაც
ჩვენსა და ჩვენი მიზნების მიმართ იჩენთ.

ჯო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, რა დიდებულია, რომ კვლავ, ამჟამად უკვე ვიცე-
პრეზიდენტის რანგში დაბრუნდით საქართველოში

განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყანა გზის გასაყარზე იმყოფება.

თქვენ კარგად უწყით, რომ შევძელით აქ აგვეშენებინა რაღაც ისეთი, რაც ამ
რეგიონში ადრე საერთოდ არ არსებობდა: თანამედროვე სახელმწიფო.

დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში ჩვენ შევძელით დაგვემარცხებინა კორუფცია,
გზა გაგვეხსნა ქვეყნის ეკონომიკისათვის და ძლიერი და ეფექტურად მომუშავე
დაწესებულებები და უწყებები ჩამოგვეყალიბებინა.

ჩვენ მემკვიდრეობად მივიღეთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული
სახელმწიფო და მისი ერთ-ერთ ყველაზე უფრო ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნად
გარდაქმნა მოვახერხეთ, რომელიც "საერთაშორისო გამჭვირვალობის
ორგანიზაციის" შეფასებით, ამ ნიშნულის მიხედვით, ნორვეგიის, დანიისა და
ფინეთის დონეზე დგას.

ჩვენ ახალი სახელმწიფო ავაშენეთ, მიუხედავად იმისა, რომ არც ზეწოლა, არც
პროვოკაციები, არც ემბარგო, არც შემოსევა და ოკუპაცია არ დაგვკლებია.

ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, რაც გაკეთდა, მაგრამ ისიც კარგად გვესმის,
რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს.

აი ამიტომ გამოვაცხადე გასულ ორშაბათს პარლამენტში დემოკრატიული
რეფორმების ახალი ფაზის დაწყების შესახებ.

მაგრამ მოდით ყველას გვახსოვდეს, რომ ჩვენ ახალ დემოკრატიას ვაშენებთ და
თან იარაღის ლულა გვაქვს მოშვერილი. ახლაც, ოკუპანტების არტილერია ამ
ახალი სასახლის თაღს, ჩვენს ქალაქს უმიზნებს სულ რაღაც 40 კილომეტრიდან.

ცხადია, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თქვენ შეგაშინოთ, ჯო, რადგან ვიცი,
რომ თქვენი შეშინება სულაც არ გახლავთ ადვილი.

ყოველთვის მემახსოვრება გასული წლის აგვისტოს ის მომენტი, როდესაც ამ
შენობასთან ძალიან ახლოს, რესტორნის ტერასაზე ვიჯექით.

ჩვენს თავზე რუსების თვითმფრინავები დაფრინავდნენ, მაგრამ თქვენ უარი
უთხარით მიმტანს, როდესაც მან სინათლის ჩაქრობა შემოგთავაზათ.

ჩვენო გამორჩეულო სტუმრებო, ამჟამად, ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი და
სანაპირო ზოლის ორი მესამედი ოკუპირებულია.

ჩვენს ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 5 მილიონ ადამიანზე ნაკლებს ითვლის,
500 ათასი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლებიდან, სოფლებიდან და
ქალაქებიდან გამოქცეულიყო.

ეთნიკური წმენდა, რომელმაც ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ყველაზე უფრო დიდი
ლტოლვილთა ნაკადი გამოიწვია, ათეული წლების მანძილზე, მსოფლიოში
უპრეცედენტოდ შეიძლება ჩაითვალოს.

ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, ჩვენ შარშან იმავე რაოდენობის ჯარი შემოგვესია,
რაც 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში და 1979 წელს ავღანეთში შეიჭრა.

ჩვენ თავს დაგვეხსნენ და ამჟამად ქვეყნის ნაწილი ოკუპაციის ქვეშ
იმყოფება.

მაგრამ მაინც, ქართველი ხალხი ამაყად დგას და მზადაა
წინააღმდეგობისათვის; ჩვენ არასოდეს დავნებდებით.

ბატონო ვიცე პრეზიდენტო, როგორც ერთ-ერთმა ჩემმა ევროპელმა მეგობარმა
თქვა: "ჩვენ მუდამ ჯეროვნად უნდა შევაფასოთ ქართველი ხალხი; მათ იმდენი
მხეცური შემოსევა და ოკუპაცია აქვთ გადატანილი, რომ ეს 3000 წლის ასაკის
ამაყი, ღირსებით სავსე ერი ამ ოკუპაციასაც გაუძლებს და გადაიტანს".

მთელი მსოფლიოსათვის მნიშვნელოვანია გაიგოს, რომ ჩვენ არასოდეს
დავნებდებით, რომ ჩვენი ბუნებით ნაბოძები მეგობრების დახმარებით,
გავაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას იმპერიალისტების წინააღმდეგ, რომლებსაც
ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაშლა, ჩვენი დამოუკიდებლობის გაუქმება და
ჩვენი ისტორიის უკან შემობრუნება აქვთ განზრახული.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ საქართველო არასოდეს დამარცხდება, ვიდრე
ეს მშვენიერი დროშა ამ შენობის თავზე ფრიალებს, ვიდრე ჩვენს გულებში
ღვივის თავისუფლების სიყვარული, რაც საქართველოს იდენტურობის
გამოხატულებას წარმოადგენს.

მე მინდა სიტყვა მოგცეთ ჯო, რომ ეს დროშა და ეს სიყვარული მუდამ
იარსებებს, ხოლო რუსეთის ჯარი ერთ მშვენიერ დღეს დატოვებს საქართველოს.

ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ქვეყნები ოკუპაციის რეჟიმში იმყოფებიან,
ისინი საკუთარ თავში იკეტებიან ხოლმე.

ჩვენ სრულიად საწინააღმდეგოდ ვიქცევით.

ჩვენ თოფის ლულა გვაქვს მოშვერილი და ამიტომ, მიგვაჩნია, რომ დემოკრატია
ახლა გაცილებით უფრო გვჭირდება, ვიდრე ოდესმე.

მოდით უფრო მეტად ჩავუღრმავდები ამ თემას; ჩვენთვის დემოკრატიასა და
უსაფრთხოებას შორის ვაჭრობის საგანი არ არსებობს.

ჩვენი უსაფრთხო გარემო მხოლოდ მაშინ შეიქმნება, როდესაც დემოკრატიას
გავაძლიერებთ.

ჩვენ კარგად ვუწყით, რომ უაღრესად რთული და გრძელი გზა გვიძევს წინ და
ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარება გვჭირდება.

დიახ, ეს გზა რთული და ხანგრძლივი იქნება, მაგრამ 2003 წლის ნოემბერში
შეუქცევადი (ფუნდამენტური) გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმ რევოლუციის
დროს, რომელმაც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი რეგიონი
შეუქცევადად შეცვალა.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების
ოჯახს შევუერთდებოდით.

20 წლის წინათ, ბერლინის კედელი დაინგრა. როდესაც ამ მოვლენას ვადევნებდი
თვალს, გავიფიქრე, რომ ამით ევროპა გაერთიანდებოდა და გადაადგილების
თავისუფლება სამუდამოდ, ტრიუმფალურად დამკვიდრებდა თავს.

და ახლა, ჩვენი საუბრის მომენტშიც კი, ცემენტის ახალი პარკები, ახალი
მავთულხლართები, ახალი ქვები შემოაქვთ ჩვენს ქვეყანაში და ახალი ბერლინის
კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.

მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნე, ისტორიის შემობრუნება შეუძლებელია და
ისინი, ვინც ამ ახალი ბერლინის კედლის მშენებლობით არიან დაკავებულნი,
უნდა დამარცხდნენ და დამარცხდებიან კიდეც.

ბატონო ვიცე პრეზიდენტო, თქვენი ვიზიტი გაგვამხნევებს და ჩვენი
დემოკრატიული ოცნებების ახდენაში შეგვიწყობს ხელს.

ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები, რომლებიც ურთიერთ-მისაღებ ღირებულებებსა
და ინტერესებს ეფუძნება, მომავალი წლების განმავლობაში, უფრო გაღრმავდება
და გაძლიერდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის ქოლგის ქვეშ, რომელიც ჩვენს
ორ ქვეყანას აერთიანებს.

მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ
ობამას მისი ძლიერი პოზიციისა და საკმაოდ შთამბეჭდავი განცხადებების
გამო, რომელიც მან მოსკოვში გააკეთა.

მსურს აგრეთვე მადლიერებით მივმართო მას ახლებური მართვის სტილის გამო,
რომელიც მან თავისუფალ სამყაროში შემოიტანა.

ჯო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ უბრალოდ აქ ყოფნის გამო, ყველაფერი
იმისათვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ, რასაც აკეთებთ და დარწმუნებული, ვარ.
რომ მომავალშიც გააკეთებთ.

მახსოვს თქვენი სატელეფონო ზარი გასულ წელს, როდესაც პირველი რუსული
ტანკები შემოგრიალდნენ. უამრავი დასავლელი ლიდერი მირეკავდა და
თანაგრძნობას მიდასტურებდა. მაგრამ თქვენ ამაზე მეტი გააკეთეთ:
კონკრეტული რჩევები მომეცით და ამით, საქართველოს ამ მდგომარეობიდან
გამოყვანის პროგრამა განსაზღვრეთ.

ისიც მახსოვს, თუ რა მითხარით სექტემბერში, თქვენი ბრწყინვალე კამპანიის
დროს; თქვენ ასე მომმართეთ: "მისმინე მიშა, ახლა უამრავი ადამიანი
გირეკავთ, მაგრამ სულ მალე, ისინი ამას აღარ გააკეთებენ; მე კი არასოდეს
არ მიგატოვებთ და მუდამ თქვენთან ვიქნები, როდესაც კი ეს თქვენს ქვეყანას
დასჭირდება".

თქვენ მართლაც მუდამ ჩვენს გვერდით იდექით და მუდამ ასე იქნება.

მე საკმაო ასაკი მაქვს, ჯო, და კარგად ვიცი, რომ ამერიკაში, ისევე როგორც
ყველგან დედამიწაზე უამრავი ცინიკოსი და რეალპოლიტიკის მიმდევარია.
მაგრამ ამერიკაში, ისე როგორც არსად ამქვეყნად, იდეები და ღირებულებები
განაპირობებენ ცხოვრების სტილსა და ასპარეზს.

თქვენი და პრეზიდენტ ობამას მსგავსი ადამიანების წყალობით, შეერთებული
შტატები, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე თავისუფლების მოყვარული და
მებრძოლი სულის ადამიანებისათვის მისაბაძ მაგალითად გადაიქცა.

თქვენნაირი ადამიანების წყალობით, ამერიკა მუდმივად არის და მომავალშიც
იქნება აღქმული სამოთხედ თავისუფლების მაძიებელი ადამიანებისათვის,
რომლებიც ჩვენი პლანეტის ყველა კუთხეში ბინადრობენ.

ჯო, ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა გადმოგცეთ ეს წიგნი, რომელიც 60
წლის წინათ, ნიუ იორკში დაარსებულმა ყველაზე პრესტიჟულმა ფოტო სააგენტომ,
გამომცემლობა "მაგნუმ"-მა გამოსცა. ეს გამომცემლობა დაარსებულია
ლტოლვილების მიერ, რომლებიც ტოტალიტარული მმართველობის ქვეშ მყოფი,
განადგურებული და დარბეული ევროპიდან გამოიქცნენ.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი:

დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო.

რაოდენ დიდი პატივია ჩემთვის! ჩვენ ვამბობთ, უდიდესი პატივია ის, რომ
დავბრუნდი საქართველოში და ახლა ყველა თქვენგანთან ერთად ვიმყოფები.
მართალია, არც ახლა არის იდეალური ვითარება, მაგრამ მდგომარეობა
გაცილებით უკეთესია, ვიდრე მაშინ, როდესაც აქ ბოლოს ვიმყოფებოდი.

ბატონო პრეზიდენტო, მადლობა მინდა გადავუხადო, კერძოდ, თქვენს ბებიას,
დედას და თქვენს ულამაზეს მეუღლეს იმ სტუმართმოყვარებისათვის, რომელიც
მათ ჩემს მიმართ გამოიჩინეს გასული ვიზიტის დროს.

მე ვიღებ ამ პატივს, რომელიც ჩემს მიმართ არის გამოხატული. სრულიად
გულწრფელად ვამბობ, ამ პატივს უდიდესი მადლიერების გრძნობით ვიღებ
მხოლოდ, მაგრამ მთელი ჩემი ქვეყნის სახელით, რადგან ჩემი შესაძლებლობები
გიჩვენოთ თქვენ რეზულტატი, პირდაპირ უკავშირდება ამერიკელი ხალხის
სურვილს ფეხზე დადგეს და მხარი დაუჭიროს თავისუფლებას. და ბატონო
პრეზიდენტო, როგორც ეს თქვენ უკვე იცით ეს არის ორივე პარტიის სენტიმენტი
ჩემს ქვეყანაში.

ნება მიბოძეთ მოგახსენოთ, რომ ერთი წლის წინ მე ჩამოვედი საქართველოში და
მაშინ იყო ურთულესი დრო და ურთულესი ვითარება. მე მაშინ მეამაყებოდა
თქვენს გვერდით დგომა. მიზანი, რისთვისაც დავბრუნდი არის ის, რომ
პრეზიდენტმა ობამამ აქ დაბრუნება მთხოვა, მან გამოაგზავნა ცალსახა,
მარტივად გასაგები და უბრალო გზავნილი მათთვის, ვინც გვისმენს და
მათთვისაც, ვისაც არ სურს მოსმენა - ამერიკა მხარში გიდგათ ამ მომენტშიც
და თქვენს მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო ქართველებო, მიხეილ, მინდა
განგიმარტოთ თუ რატომ ვდგავართ თქვენს გვერდით - უპირველეს ყოვლისა, ჩვენ
ვხედავთ რაოდენ დიდია თქვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ.

ვარდების რევოლუცია გახდა როგორც მას მოიხსენიებენ თავიდან - ქართველი
ხალხის ხმა, იგი არის ნათელი გამოძახილი თავისუფლების მოყვარული ხალხისა
მსოფლიოს ირგვლივ - ყველასი, ვისაც უყვარს მშვიდობა და დემოკრატია და
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მათი, ვისაც სწყურია ის და არ გააჩნიათ.
რეალურად, მე გავიგე ეს გამოძახილი და მათაც გაიგეს იგი.

რაც თქვენ და თქვენმა ხალხმა გააკეთა, ფართოდ გასცდა საქართველოს
ფარგლებს. შეხედეთ დღეს მოედნებზე მასიურად გამოსულ ხალხს, სადაც, ჯერ
კიდევ, არ აქვთ თავისუფლება, მაგრამ იბრძვიან მისთვის - თქვენი ვარდების
რევოლუციის მაგალითით და გრძელდება მასზე საუბარი. ვარდების რევოლუცია
იყო ნათელი სიგნალი მსოფლიოსათვის რომ ჩვენ შევედით 21 საუკუნეში და ამით
მეოცე საუკუნის ბორკილები დაიმსხვრა.

ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებოლობაა რომ დავრწმუნდეთ, რომ ამ ბორკილებს
აღარ დაგადებენ თქვენ და სხვა მშვიდობის მოყვარულ ხალხს.

საქართველო ჩვენთვის პრიორიტეტულია, როგორც სასიცოცხლო პარტნიორი
პროგრესში ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. აშშ-ს სურს ააშენოს
მრავალპარტნიორული მსოფლიო, რომელშიც ერებს საერთო მიზნები და საერთო
პრობლემები აერთიანებს.

საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობა მოიცავს უსაფრთხოების გამოწვევისთვის
მზადყოფნას. ჩვენ მადლობელი ვართ, ამავდოულად, ქართველი ჯარისკაცების,
რომლებიც ჩვენი ჯარისკაცების გვერდით დგანან და ახლაც წვრთნას გადიან,
რომ ერთად იდგნენ ავღანეთში. ჩვენი პარტნიორობა მოიცავს ჩვენს
დაინტერესებას ენერგო უსაფრთხოების საკითხებში რომელსაც თქვენ სხვა
სახელმწიფოებისათვის უზრუნველყოფთ. ჩვენ მივესალმებით საქართველოს როლს
ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, როგორც ხიდს აღმოსავლეთიდან
დასავლეთისაკენ ბუნებრივი რესურსების გადინებაში.

ჩვენი პარტნიორობა დამყარებულია დემოკრატიულ იდეალებზე და ჩვენ
გავაგრძელებთ დახმარებას და გავაღრმავებთ ქართულ დემოკრატიას.

ჩვენი პარტნიორობა მოიცავს გადაწყვეტილებას, რომ აშენდეს უფრო ძლიერი
კავშირები, არა მხოლოდ ჩვენს მთავრობებს შორის, არამედ რაც თანაბრად
მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ხალხებს შორის: მივესალმებით ქართველი
სტუდენტების რიცხვის ზრდას ამერიკულ უნივერსიტეტებში და მოუწოდებთ
ამერიკელ სტუდენტებს ისწავლონ აქ, საქართველოში; დავეხმაროთ ამერიკელ და
ქართველ მეწარმეებს გაკვალონ ახალი ბილიკები ეკონომიური პროგრესისაკენ;
ნებისმიერი დემოკრატიის მაცოცხლებელი ძალა არის სამოქალაქო საზოგადოება,
რომელიც მართავს ყველა მთავრობებს, თქვენი და ჩვენი მთავრობების ჩათვლით.

საქართველო შეიძლება იყოს პატარა, როგორც თქვენ მოიხსენიეთ ბატონო
პრეზიდენტო, მაგრამ მე ვიცი, რომ მას აქვს ძალიან, ძალიან დიდი გული.
(აპლოდისმენტები). და უფრო მეტიც, თქვენი მაგალითის ძალას თან ახლავს
პასუხისმგებლობა, რომ გაგრძელდეს სხვათა დაუოკებელი წყურვილი
დემოკრატიისათვის და დაიცვან დამოუკიდებლობა ყველა ვითარებაში.

არსებობს ამერიკის პრეზიდენტის თომას ჯეფერსონის ცნობილი წერილი, რომელიც
მან მისწერა თავის პოლიტიკურ ოპონენტს ჯონ ადამსს. ჯონ ადამსი არის ჩვენი
მეორე პრეზიდენტი და დამფუძნებელთაგან ერთ-ერთი და ჯეფერსონი, მესამე.
უკვე ასაკში შესვლის შემდეგ, როდესაც არც ერთი აღარ იყო ამერიკის
პრეზიდენტი, ძალიან ხანგრძლივი მიმოწერა აკავშირებდათ ვიდრე ორივე
გარდაიცვალა ერთსა და იმავე დღეს. და ერთ-ერთ წერილში თომას ჯეფერსონი
ამბობს, მე მის პერეფრაზირებას ვახდენ, რომ ისინი ვისაც რევოლუცია
მოაქვს, იშვიათად ხედავენ საბოლოო რეზულტატს - ფესვგამჯდარ დემოკრატიას.

ეს განსხვავებული უნდა იყოს. თქვენ ყველამ იცით, რომ დამოუკიდებლობის
გამოცხადება და თქვენი ვარდების რევოლუცია იყო დასაწყისი პროცესისა,
გარკვეული აზრით რეალური მძიმე ნაწილი უკვე გავლილია. თქვენ ახსენეთ
პროტესტის გამომხატველი ხალხი - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
დემოკრატიაში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დემოკრატიაში. ჩვენ
შეჩვეულნი ვართ იმ ხალხს, ვინც პროტესტს გამოხატავს.

მაგრამ თქვენ ხართ იმ ინსტიტუციონალური ატრიბუტიკის მშენებლობის
პროცესში, რომელიც ქვეყანას სჭირდება, დემოკრატიის დასამკვიდრებლად, და
მე არ ვაჭარბებ, როდესაც ვამბობ, რომ ბევრი სხვა ხალხი მსოფლიოში
გიყურებთ თქვენ, რათა გაიგონ, შეძლებთ თუ არა თქვენ ბოლომდე მიიყვანოთ
რევოლუცია შედეგებამდე და ღრმად ჩარგოთ დემოკრატიის ეს ფესვები.

ყველა პროგრესულ ერს აქვს დადებული ფსონი თქვენს წარმატებაში,
განსაკუთრებით ამ რეგიონის ხალხებს და ეს წარმოაჩენს საქართველოს
მნიშვნელოვან ერად ამ რეგიონის, ამ კონტინენტის და, ზოგადად, მსოფლიოს
მომავალში.

ახლა კი ვისურვებდი, რომ ჭიქა ღვინო მეჭიროს ხელში, თქვენი ნებართვით
ავწიო ჭიქა და შევსვა საქართველოს წარმატების სადღეგრძელო, სადღეგრძელო
თქვენი დაუოკებელი სწრაფვისა დამოუკიდებლობისკენ, დემოკრატიისა და
თავისუფლებისაკენ.

დიდ მადლობას მოგახსენებთ.

გაუმარჯოს საქართველოს!

მადლობთ ბატონო პრეზიდენტო!


აშშ-ის ვიცე–პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის გამოსვლა საქართველოს
პარლამენტში

დიდი მადლობა.

ბატონო სპიკერო, ქალბატონებო და ბატონებო, მეგობრებო!

დიდ მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ამდენად დიდი პატივი მომანიჭეთ.

მე ნამდვილად დიდ პატივად მივიჩნევ ამ დარბაზში სიტყვით გამოსვლის
შესაძლებლობას.

მე არა მხოლოდ ჩემი სახელით ვსაუბრობ, არამედ ჩემი პრეზიდენტის,
პრეზიდენტ ობამას სახელითაც, ასევე ჩემი ქვეყნის სახელით.

მე აქ ჩამოვედი ერთი მარტივი და პირდაპირი გზავნილის ჩამოსატანად ჩემი
ხალხის სახელით: ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას
უსაფრთხო, თავისუფალი, დემოკრატიული და კვლავ გაერთიანებული საქართველოს
მოგზაურობაში.

ეს მოგზაურობა თითქმის საუკუნეს ითვლის. 1918 წლის მაისში საქართველოს
უშიშროების საბჭომ - სწორედ ეს უწყება იყო, მხოლოდ შეცვლილი სახელით -
გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ისევე როგროც ჩემმა ქვეყანამ 150 წლით ადრე.

სამი წლის შემდეგ თქვენ მიიღეთ კონსტიტუცია - მამაცი განცხადება თქვენი
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შესახებ, ძლიერი საფრთხის არსებობის
პირობებში.

ერთი თვის თავზე დასრულდა ბოლშევიკური ოკუპაცია და ეს პარლამენტი
უკანასკნელად შეიკრიბა საუკუნის დასასრულამდე. ეს იყო მოგზაურობა,
რომელიც მანამდე შეწყდა, სანამ დაიწყებოდა. თუმცა მოგზაურობა 1989 წელს
განახლდა, როდესაც თავისუფლების ხმამ მთელს საქართველოში კიდევ ერთხელ
დარეკა ზარი, რათა კიდევ ერთხელ შეჩერებულიყო მომაკვდავი იმპერიის
უკანასკნელი შემოტევით. ორი წლის შემდეგ თქვენ ერთხელ კიდევ გამოაცხადეთ
დამოუკიდებლობა და დათესილი მარცვალი გარდაიქმნა ვარდად, როემლიც უნდა
აყვავებულიყო.

საქართველოს დემოკრატიის პირველი პოსტ-საბჭოთა ექსპერიმენტი ლპებოდა
სამოქალაქო კონფლიქტებით, ეკონომიური სიდუხჭირით, მზარდი კორუფციით და
უკან გადადგმული ნაბიჟით არადემოკრატიული მმართველობისაკენ. მაშინ, ექვსი
წლის წინათ, ვარდების რევოლუცია გაისმა როგორც ნათელი გამოძახილი
თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის, რომელიც მთელ მსოფლიოში გაიგეს.

მე კვლავ მაქვს სულისკვეთება იმ მომენტისა და იმ მოგზაურობისა, რომელიც
თქვენ წამოიწყეთ. მე მახსოვს როგორ გადევნებდით თვალს იმ საშიშ გარემოში,
რომელშიც თქვენ იდექით გამართულები და ამაღლებულები. ასევე იდგა
მილიონობით ხალხი მსოფლიოში, რომელთა მოწოდება თავისუფლებისაკენ არ არის
შესრულებული.

ერთი წლის წინათ, როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, მე ჩამოვედი
საქართველოში სრულიად სხვა გარემოებაში. მე ბევრი მირჩევდა არ
ჩამოვსულიყავი. მეუბნებოდნენ, რომ ეს არ იყო სასურველი მომენტი. მაგრამ
მსურდა ნათელი გამეხადა თუ რატომ იყო თქვენი დამოუკიდებლობა ასეთი
მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის. თქვენს პარლამენტში
ჯდომის ნაცვლად იმ ღამით, როდესაც არტილერიის ხმა და საბრძოლო ავიაცია
მოძრაობდა, რესტორნის სახურავზე ვიჯექი, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად.
იმ სახურავზე მე პირობა დავდე საქართველოს წინაშე, რომ ამერიკა
დაეხმარებოდა ამ ქვეყანას. მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატში
ვმუშაობდი. დღეს მე აქ კვლავ ვდებ პირობას, როგორც აშშ ვიცე-პრეზიდენტი.
მე ვდებ პირობას არა მხოლოდ ჩემი სახელით, არამედ, პრეზიდენტ ბარაკ
ობამას სახელითაც.

ეს ვიზიტი თბილისში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოსკოვში მოგზაურობის შემდეგ
დაიგეგმა. როდესაც ის გეგმავდა თავის მოგზაურობას, მან დამავალა
დამეგეგმა ჩემი მოგზაურობა თბილისში.

ქალბატონებო და ბატონებო, ვიცი რომ ზოგიერთი წუხს და მე კარგად მესმის,
რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობა მოხდება
საქართველოს ხარჯზე.

ნება მომეცით ნათლად გითხრათ - ეს არ მომხდარა, არ მოხდება და არ
შეიძლება მოხდეს.

როგორც მიუნხენში ვთქვი, ჩვენი ადმინისტრაციის მიერ ფიცის დადების ცოტა
ხნის შემდეგ და როგორც პრეზიდენტმა ობამამ, შემიძლია დავამატო და კვლავ
გაიმეორა ორი კვირის წინ მოსკოვში, - ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ პრინციპს, რომ
სუვერენულ დემოკრატიებს შეუძლიათ მიიღონ თავიანთი გადაწყვეტილებები,
აირჩიონ პარტნიორები და საკუთარი ალიანსები.

ჩვენ წინააღმდეგი ვართ 19-ე საუკუნის ცნებისა გავლენის სფეროების
შესახებ. იგივე არ შეიძლება მოხდეს 21-ე საუკუნეში.

ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ
სახელმწიფოებს.

ჩვენ მოუწოდებთ - ჩვენ მოუწოდებთ მსოფლიოს არ აღიარონ ისინი დამოუკიდებელ
სახელმწიფოებად. ჩვენ მივმართავთ რუსეთს პატივი სცეს საერთაშორისო
ვალდებულებებს, რომელიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ცეცხლის შეწყვეტის
შეთანხმებაში და მოიცავს ყველა საჯარისო ფორმირების გაყვანას წინა
კონფლიქტურ პოზიციებზე და მთლიანად საქართველოდან.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის გაფართოებას
საქართველოში, მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრებისათვის.

გასულ წელს, ჩემი ვიზიტის დროს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა
იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა სამხრეთ ოსეთიდან. ჩემზე საოცრად
იმოქმედა იმ მცდელობებმა, რომელიც მიმართული იყო საქართველოში ეკონომიკის
განადგურებისაკენ, სამიზნედ კი გამოყენებული იყო საქართველოში არსებული
ინფრასტრუქტურა.

მე შეგპირდით, რომ ჩემი ქვეყანა გაგიწევდათ მნიშვნელოვან დახმარებას,
რათა ფეხზე დამდგარიყავით. დღეს კმაყოფილებით ავღნიშნავ, რომ აშშ-მ
შეასრულა ეს დანაპირები - ერთი მილიარდი აშშ დოლარის დახმარების
თვალსაზრისით.

ქალბატონებო და ბატონებო, აგვისტოდან მოყოლებული ჩვენ დავეხმარეთ
ადგილნაცვალებს თავშესაფრის მოწყობაში, ჩვენ დავეხმარეთ თქვენს ბიუჯეტს
და მთავრობას ფისკალურ ვალდებულებებში, სამშენებლო დახმარება გავუწიეთ
მათ, ვისაც შეეძლო სახლებში დაბრუნება, დავაფინანსეთ გზების მშენებლობა
და ენერგო უსაფრთხოება, ახალი რესურსები მოვიძიეთ საქართველოს სამოქალაქო
საზოგადოების გასაძლიერებლად, ასევე საკანონმდებლო სისტემის და
დამოუკიდებელი მედიის დასახმარებლად.

მთლიანად საქართველო არის დღეს ყველაზე მაღალი დახმარების მიმღები
ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მთელ მსოფლიოში. იმ ქვეყნისთვისაც კი,
საიდანაც მე მოვდივარ ერთი მილიარდი დოლარი ხუთ მილიონ მოსახლეზე ძალიან
დიდი ფულია. ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან, რომ მოვახდინოთ თქვენი
სამხედრო სფეროს მოდერნიზება.

ძირითადი აქცენტი კეთდება წვრთნაზე, დაგეგმარებაზე და ორგანიზებაზე.

ჩვენ გვესმის, რომ საქართველო მიისწრაფის ნატოსკენ და ჩვენ სრულად გიჭერთ
მხარს ამ მისწრაფებაში.

პარლამენტის წევრებო, ჩვენ ვიმუშავებთ, რათა დაგეხმაროთ დააკმაყოფილოთ
ნატოს წევრობის სტანდარტები.

სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ გასულ თვეში ამერიკამ და საქართველომ დაიწყეს
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე მუშაობა. ჩვენ განვსაზღვრეთ ამბიციური
განრიგი ოთხ სფეროში: თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა და
ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობა. დემოკრატიის განვითარება და
კანონის უზენაესობა; ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული კავშირების
განმტკიცება.

ნება მიბოძეთ ნათლად მოგახსენოთ რა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა
საქართველოსთან და რა არ არის. აშშ-ს არავითარი სურვილი არ გააჩნია
შექმნას გავლენის სფერო ამ რეგიონში ან სადმე სხვაგან მსოფლიოში. ჩვენი
მიზანია შევქმნათ მრავალ-პარტნიორული მსოფლიო, სადაც ერებს ექნებათ
საერთო ინტერესები.

ეს პარტნიორობა არ იქნება ვინმეს წინააღმდეგ, იგი იქმნება მათი
ინტერესებისთვის, ვისაც სურს უფრო დემოკრატიული, აყვავებული და უსაფრთხო
მსოფლიო.

საქართველოთან ჩვენი პარტნიორობა ასევე მოიცავს გამოწვევებს უსაფრთხოების
სფეროში - ჩვენ გულითადად გემადლიერებით იმის გამო, რომ ქართველი
ჯარისკაცები გვერდიგვერდ იბრძვიან ჩვენს მამაც საზღვაო ქვეითებთან ერთად.
ის ასევე მოიცავს ვალდებულებებს ენერგოუსაფრთხოების სფეროში.

ჩვენ მივესალმებით იმას, რომ საქართველოს როლი ესოდენ მნიშვნელოვანია და
რომ საქართველო შეასრულებს ხიდის როლს ბუნებრივი რესურსების გადაზიდვაში
აღმოსავლეთიდან დასავლეთით, როგორც ეს ხდებოდა ათასი წლის წინ.

ეს შეთანხმება ასევე მოიცავს მყარი კავშირების შენებას არა მხოლოდ
მთავრობებს შორის, არამედ ჩვენს ხალხებს შორისაც კულტურული
ურთიერთგაცვლის მეშვეობით, თანამშრომლობას ბიზნესის მხრივ და სამოქალაქო
სექტორში.

ჩვენი პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო დემოკრატიულ იდეალებზე. ჩვენ
გავაგრძელებთ თქვენი შრომის მხარდაჭერას, რომელიც მდგომარეობს ექვსი წლის
წინანდელ დანაპირებში დემოკრატიასთან დაკავშირებით.

როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტს ერთი კვირის წინ განუცხადა
(და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იგი ამ ვალდებულებას შეასრულებს), კიდევ
უამრავი რამ არის გასაკეთებელი. თქვენი ვარდების რევოლუცია მაშინ იქნება
სრულყოფილი, როდესაც თქვენი მთავრობა იქნბა გამჭვირვალე,
ანგარიშვალდებული და მონაწილეობას მიიღებს ყველა პროცესებში - როდესაც
საკითხები ირჩევა ამ პალატაში და არა მხოლოდ ქუჩაში; როდესაც თქვენ
სრულად განიხილავთ მთავარ საკონსტიტუციო საკითხებს ძალაუფლების ბალანსის
შესახებ მთავრობასა და პარლამენტს შორის, და როდესაც თქვენ მიაღწევთ
თანაბარ საარჩევნო არეალს; როდესაც მედია იქნება სრულად დამოუკიდებელი და
პროფესიონალური; მაშინ, როდესაც ხალხს მიეწოდება ისეთი ინფორმაცია,
რომლის მეშვეობით საზოგადოება ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და
მთავრობაც იქნება ანგარიშვალდებული მათი გადაწყვეტილებებიდან
გამომდინარე; როდესაც სასამართლო იქნება თავისუფალი გარე გავლენისაგან,
კანონის უზენაესობა კი - გამყარებული, როდესაც ხელისუფლების შეცვლა
მოხდება მშვიდობიანი, კონსტიტუციური, დემოკრატიული პროცესებით და არა
ქუჩაში.

ქალბატონებო და ბატონებო - მე არ მსურს გასწავლოთ და არასოდეს ვეტყვი
ვინმეს რა უნდა იყოს მათი პოლიტიკური ინტერესი, მაგრამ გამოცდილებიდან
გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ არ არსებობს განსაზღვრული ჩამონათვალი
დემოკრატიისათვის. თუმცა არის მნიშვნელოვანი კონკრეტული ნაბიჯები,
რომლებიც უნდა გადაიდგას ნებისმიერი დემოკრატიის გასაღრმავებლად.

წარმატება მოითხოვს ამ ოთახში მყოფთა ჩართვას, მათ კი ჩართვა ამ ოთახის
გარეთ აირჩიეს. ის მოითხოვს ყველა ქართველი მოქალაქისგან, მიუხედავად
მათი პოლიტიკური სიმპატიების ან ეთნიკური წარმომავლობისა, მონაწილეობა
მიიღონ მართვაში.

და დღეს განსაკუთრებით მოუწოდებ საქართველოს ახალგაზრდობას, ქართველი
ლიდერების მომავალ თაობას განაგრძონ წვლილის შეტანა თავიანთი იდეებით,
ხმებით და ენერგიით, რათა შექმნან მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული
და ეკონომიურად აყვავებული საქართველო. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიხილავთ
საქართველოს, რომელიც იქნება სახლი ყველა თავისი კანონიერი
მოქალაქისათვის.

რაც არ უნდა ძნელი იყოს, მე მოგიწოდებთ თქვენ დატოვოთ კარი ღია
აფხაზებისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისათვის, რათა მათ იცოდნენ, რომ
აქვთ სხვა არჩევანი გარდა სტატუს კვოსი. არასტაბილურობა ან განახლებული
კონფლიქტი ქმნის გარანტიას ჩვენი აზრით მიუღებელი სტატუს კვოს
გაგრძელებისა და ეს მოტივაციას დაუკარგავს უცხოელ ინვესტორებს, რაც ასე
მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდისა და პროგრესისათვის და რაც ასე ძლიერ
გჭირდებათ.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ჭეშმარიტება, რომ არავითარი სამხედრო
ალტერნატივა არ არსებობს რეინტეგრაციისათვის. მხოლოდ მშვიდობიანი და
აყვავებული საქართველო, რომელსაც აქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის
პერსპექტივა უჩვენებს აფხაზებს და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას, რომ ისინი
თავისუფალი იქნებიან და მათი დასახლებები განვითარდება. მხოლოდ ამ
შემთხვევაში იგრძნობენ ისინი თავიანთ ავტონომიას ფედერალური ხელისუფლების
ფარგლებში, სადაც ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნება მათთვის, ვიდრე ახლა.
გააგებინეთ მათ თქვენი ერის სლოგანი: ძალა ერთობაშია.

ქალბატონებო და ბატონებო, დანაწევრებული საქართველო ვერ დაასრულებს ამ
მოგზაურობას - გაერთიანებული საქართველო კი შეძლებს აასრულოს თქვენი
წინაპრების ოცნებები და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, თქვენი შვილების
იმედები.

დავამთავრებ გამოჩენილი ქართველი პოეტის სიტყვებით ლექსიდან - როცა
პრეზიდენტის ოფისში ვიყავი, მე მას ვკითხე: „ვისი პორტრეტია ეს?" და მან
ჩამიტარა გაკვეთილი ისტორიაში, შესაძლოა თქვენი გამოჩენილი პოეტი,
რომელმაც შთააგონა 1921 წელს თავისუფლების მოგზაურობა აგრძელებს თავის
ხმას დღესაც. მინდა დავრწმუნდე, რომ სწორედ მესმის, მან დაწერა: „ერის
წყლული მაჩნდეს წყლულად...".

ქალბატონებო და ბატონებო, ჩემი პრეზიდენტი და მე, ჩემი ქვეყანა,
ვლოცულობთ, რომ თქვენი გულები შეესაბამებოდეს თქვენს ამოცანას. მე ვიცი,
რომ ეს ასეცაა და მადლობას გიხდით არა მხოლოდ თქვენი ხალხის
სულისკვეთების გაღვივებისათვის, რომ დაამთავრონ ეს მოგზაურობა, არამედ იმ
სულისკვეთებისათვის, რაც თქვენ ათობით მილიონი ხალხისათვის შექმენით.
ამჟამად ამის გარანტირება თქვენს ხელშია.

ჩვენ თქვენთან ერთად ვიდგებით.

დიდი მადლობა.

საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

Reply all
Reply to author
Forward
0 new messages