პარლამენტმა რიგგარეშე სხდომის ჰიმნით დახურვამდე ახალი, რიგით მეოთხე
სახალხო დამცველი აირჩია.
დეპუტატებმა მხოლოდ ნახევარსაათიანი შესვენების რეჟიმით იმუშავეს. მათ
საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე ფრაქცია "ძლიერი საქართველოს"
მიერ წარდგენილი დიმიტრი ლორთქიფანიძისა და "ნაციონალური მოძრაობის"
მიერ წარდგენილი გიორგი ტუღუშის კანდიდატურები განიხილეს.
პარლამენტის წევრებს ომბუდსმენის კანდიდატებმა თავიანთი სამოქმედო
პრიორიტეტები გააცნეს.
საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატებმა თავიანთ გამოსვლებში
განსაკუთრებული ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილეს, რომლებიც მათი
არჩევის შემთხვევაში სახალხო დამცველის საქმიანობის პრიორიტეტად უნდა
იქცეს. დიმიტრი ლორთქიფანიძე ე.წ. "ქართული სტრასბურგის" ინსტიტუტის
ამოქმედებას გეგმავს, რომელიც უსამართლოდ მსჯავრდებული პირების საქმეების
გადახედვას თბილისშივე მოახდენს. მან ყურადღება სასჯელაღსრულების
სისტემაში არსებულ მდგომარეობაზეც გაამახვილა და ამასთანავე განაცხადა,
რომ მისი საქმიანობის უმთავრესი ამოცანა დევნილების, ლტოლვილების,
სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა
იქნება.
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ომბუდსმენი პრინციპული და
მიუკერძოებელი უნდა იყოს და ამავდროულად, სინდისიც უნდა გააჩნდეს.
"სახალხო დამცველი სწორედ სინდისის კარნახით უნდა მოიქცეს", - განაცხადა
დეპუტატმა პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატის ამპლუაში
გამოსვლისას.
გიორგი ტუღუშმა სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში თავისი მომავალი
საქმიანობის პრიორიტეტებად თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში ადამიანის
უფლებების დაცვა და მონიტორინგი, დევნილთა დაცვა და საკუთარ სახლებში
დაბრუნების უფლების რეალიზება, ეროვნული უმცირესობების საკითხი,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა, ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში მყოფ ადამიანებზე და ნარკოდამოკიდებულებზე ზრუნვა
დაასახელა.
მისი თქმით, ომბუდსმენის ინსტიტუტი სამაგალითო უნდა იყოს სხვა
დაწესებულებებისთვის და ყველა მოქალაქეს საშუალება უნდა მიეცეს ადვილად
მიმართოს მას. გარდა ამისა, გიორგი ტუღუშის აზრით, საჭიროა მატერიალურ–
ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და რეფორმების განხორციელება.
ორივე კანდიდატმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად
უპასუხეს.
მოგვიანებით გამართული კენჭისყრების შედეგად, 88 ხმით 8–ის წინააღმდეგ,
საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე გიორგი ტუღუშის კანდიდატურა
დაამტკიცეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ახლად არჩეულ სახალხო დამცველს წარმატებები
უსურვა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი ამ პოსტზე დასახელება
პროფესიული ნიშნით მოხდა. მან მადლობა გადაუხადა ჯერ კიდევ მოქმედ
სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს გაწეული სამსახურისთვის.
სოზარ სუბარს უფლებამოსილება 16 სექტემბერს ეწურება, ხოლო ახალი სახალხო
დამცველი საქმიანობას ოფიციალურად 17 სექტემბერს შეუდგება.
სახალხო დამცველის კანდიდატების განხილვამდე დეპუტატმა ჯონდო ბაღათურიამ
პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან სახალხო დამცველის არჩევის საკითხის
ამოღება ითხოვა.
ბაღათურიას ამ წინადადებას კანონმდებლებმა კენჭი უყარეს, თუმცა არ
დააკმაყოფილეს.
დეპუტატი ჯონდო ბაღათურია, საკონსტიტუციო კომისიის არსებობის პარალელურად
პრეზიდენტის ინიციატივას, პარლამენტის ქუთაისში გადატანის შესახებ
მიუღებლად მიიჩნევს.
პრეზიდენტის ინიციატივით, შემდეგი მოწვევის პარლამენტის პლენარული
სხდომები ქუთაისში უნდა გაიმართოს.
საპარლამენტო საქმიანობის ნაწილობრივ ქუთაისში გადატანასთან
დაკავშირებული დადგენილების პროექტის პარლამენტში განხილვა საპარლამენტო
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა, ლევან ვეფხვაძემაც
გააპროტესტა და აღნიშნა, რომ შესაბამისი საკითხის განხილვა საკონსტიტუციო
კომისიის ფარგლებში უნდა ხდებოდეს.
მან კოლეგებს მოუწოდა, არ უყარონ კენჭი საყოველთაო-სახალხო კომისიის
შექმნის შესახებ დადგენილებას.
საპარალმენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით,
საპარლამენტო საქმიანობის ქუთაისში გადატანის მხარდაჭერასთან
დაკავშირებით უკვე 250 ათასი ადამიანის ხელმოწერა არსებობს და ეს
მომხრეები მხოლოდ ხელისუფლების მხარდამჭერები არ არიან.
მოგვიანებით, კენჭისყრის შედეგად, პარლმენტმა "საქართველოს კონსტიტუციაში
დამატების შეტანის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების
გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის შექმნის თაობაზე" დადგენილების პროექტი, 80 ხმით 6–ის
წინააღმდეგ, მიიღო.
აღნიშნული კომისია პრეზიდენტის ინიციატივებს განიხილავს, რომელიც
საპარლამენტო საქმიანობის ნაწილობრივ ქუთაისში გადატანას და ოპოზიციონერი
დეპუტატების მიერ დათმობილი საპარლამენტო მანდატების აღდგენას შეეხება.
დღესვე დეპუტატებმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს
წევრობის (მეურვის) სამ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად საქართველოს
პრეზიდენტისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე" საქართველოს პარლამენტის
დადგენილების პროექტი განიხილეს. წარმოდგენილი 9 კანდიდატურიდან
კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობა, 90 ხმით 2–ის წინააღმდეგ, დავით
კანდელაკმა; 98 ხმით1–ის წინააღმდეგ, დავით აფრასიძემ და 98 ხმით 1–ის
წინააღმდეგ, ზურაბ დავითაშვილმა მიიღო.
პარლამენტმა "რევაზ ბეშიძის იაპონიაში საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიან ელჩად დანიშვნაზე თანხმობის მიცემის თაობაზე" დადგენილების
პროექტი განიხილა და მის კანდიდატურას მხარი 94 ხმით, ერთხმად დაუჭირა.
კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი
განიხილეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს ნაყოფიერი
მუშაობისათვის.
პარლამენტი კანონშემოქმედებით საქმიანობას სექტემბერში განაახლებს.