2009 წლის 10 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის გაეროს აუდიტორიაში მოეწყო კონფლიქტებისა და
მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრისა და სტუდენტური
თვითმმართველოვბის ერთობლივი ღონისძიება. ღონისძიება წარმოადგენდა
საქართველოში მუსლიმთა თემის პრეზენტაციას.
კონფლიქტოლოგიის ცენტრი 2006 წლიდან უმცირესობათა ინტეგრაციის
ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში ფართო საზოგადოებას აცნობს საქართველოში
არსებული და მოქმედი სხვადასხვა რელიგიური თემს, მათ მოღვაწეობასა და
ისტორიას. პრეზენტაციების ეს სერია ემსახურება საზოგადოებაში
გაუცხოებისა და მიუღებლობის განწყობების დაძლევას, მათ შესახებ ცოდნის
გაღრმავების საფუძველზე უფრო ტოლერანტული და თანამშრომლობითი გარემოს
ჩამოყალიბებას საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეროვნულ ჯგუფებს
შორის.
ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ უკვე გავუკეთეთ ორგანიზება საქართველოში
მოღვაწე შემდეგი რელიგიურ თემების პრეზენტაციებს:
ლუთერული ეკლესიის
საქართველოს მუსლიმთა თემის
ევანგელისტურ ბაპტისტური ეკლესიის
ხსნის არმიის
საქართველოს იეზიდთა თემის
ქარიზმატული ეკლესია-სიცოცხლის სიტყვის
კათოლიკური ეკლესიის
ამგვარი პრეზენტაციების მოწყობის სურვილი უნივერსიტეტის სივრცეში
სტუდენტური თვითმმართველობიდანაც წამოვიდა. აქამდე ჩვენს მიერ მოწყობილი
პრეზენტაციები საკითხის ექსპერტთა და თანამოაზრეების გარემოში იმართებოდა
და ხასიათდებოდა იმით, რომ აუდიტორია დიდი დაინტერესებით მონაწილეობდა,
გარემო ჩვეულებრივ, ტოლერანტული, მეგობრული და ურთიერტპატივისცემაზე
დამყარებული იყო.
საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ამ შეხვედრაზე წარმოადგენდნენ:
თბილისი ჯუმა მეჩეთის მოლა ვაგიფ აკპეროვი,
ტარიელ ნაკაიძე ქართველ მუსლიმთა კავშირის თავჯდომარე,
ოთარ ნადირაძე _ თურქეთთან მეგობრობის ასოციაციის ხელმძღვანელი.
უნივერსიტეტში გამართული შეხვედრას განსხვავებული ფორმატი ჰქონდა – იყო
უფრო მრავალრიცხოვანი, დასწრება ნებაყოფლობითი იყო. შესაბამისად რისკი
იმასა, რომ აუდიტორიაში არა მხოლოდ თანამოაზრეები აღმოჩნდებოდნენ საკმაოდ
დიდი იყო. თუმცა იმას, რაც იქ მოხდა ჩვენ მაინც არ ველოდით.
იმის შემდეგ, რაც პრეზენტატორები წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე და აჭარის
წარმომადგენლებმა მოკლედ ჩამოაყალიბეს საქართველოში მუსლიმთა ისტორია,
ისლამური რწმენის ძირითადი პრინციპები, ქართველი მუსლიმების მრწამსი და
სულისკვეთება, პრეზენტაცია ჯერ არც იყო დასრულებული, როდესაც ერთ-ერთმა
მონაწილემ სიტყვა მოითხოვა და 10 წუთის განმავლობაში საუბრობდა იმაზე, თუ
რა ჭირი გამოიარა საქართველომ მუსლიმთა დაპყრობების გამო და მიმართა
გამომსვლელს, გრძნობდა, თუ არა ის, ქართველი `ურჯულო~ მუსლიმი
პასუხისმგებლობას იმ უბედურებების გამო. მან ასევე მოიყვანა საინგილოს
მაგალითი, სადაც აზერბაიჯანელი მუსმილიმები იქ მცხობრებ მართმადიდებელ
ქართველებს ავიწროვებენ, არ აძლევენ ლოცვის, ქართული ენის შესწავლისა და
ქართველად დარჩენის საშუალებას, ამაზეც პასუხისმგებლობა აჭარელ
მომხსენებლებს მოსთხოვა.
შეხვედრის მეორე მონაწილემ კი განაცხადა, რომ საქართველოს მეფეები და
ქართული ეკლესია არასოდეს ყოფილა ტოლერანტული, რომ დავით აღმაშენებელი
`ურჯულოების ~ დიდი მტერი იყო და მრავალ ბრძოლაში მათი სისხლიც დაუღვრია,
რომ ქეთევან დედოფალი სწორედ ურჯულო მუსლიმებმა აწამეს და ამის ფონზე
ძმობასა და სიყვარულზე ლაპარაკი ზედმეტია. ძალიან სასაცილო იყო სატირალი
რომ არ ყოფილიყო, როგორ აჰკიდეს აჭარელ პრეზენტატორებს მუსლიმური
სამყაროს ყველა ისტორიული ცოდვა და თავის მართლების პოზიციაში ჩააყენეს,
თანაც პასუხის საშუალებაც არ მისცეს.
ამგვარ გამოსვლებს აუდიტორიის ერთი ნაწილი ტაშით ხვდებოდა და
წაახალისებდა კიდეც მათ. მალე აშკარად გამოივეთა, რომ აუდიტორიაში ოცამდე
ახალგაზრდა გამიზნულად დესტრუქციულად მოქმედებდა და მათი მიზანი იყო
ღონისძიების ჩაშლა და მუსლიმების მიმართ უარყოფითი განწყობის დათესვა.
ისინი შეურაცხმყოფელად მიმართავდნენ ყველას, არა მარტო მუსლიმებს, და
განსაკუთრებით მუსლიმური რწმენის ქართველებს, არამედ ყველას ვინც
ტოლერანტობის იდეას იზიარებდა. ისინი ამბობდნენ, რომ ამგვარი
ღონისძიებების მოწყობა ზოგადად პროზელიტიზმს ემსახურება და თანაც
გამოდიოდნენ საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის სახელით.
აუდიტორიაში იმყოფებოდნენ არა მარტო ქართველი სტუდენტები, არამედ მუსლიმი
სტუდენტებიც თურქეთიდან, რომლებიც გაოგნებულნი იყვნენ, მაგრამ ზედმეტი
სიტყვა არ დასცდენიათ. დისკუსიის შემდეგ მათ თავიანთი შეშფოთება
გაუზიარეს სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ ადამიანის უფლებათა
დამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რელიგიის
სფეროში ექსპერტები. ჩვენს მიერ მოწვეული პრეზენტატორები კი, რა თქმა
უნდა, დაიზაფრნენ და თავს საფუძლიანად შეურაცხყოფილად გრძნობდნენ.
ღონისძიების ნორმალურად წარმართვის საშუელება არ მიეცა არც სტუმრებს,
რომელთაც უნდა მოეთხროთ აუდიტორიისათვის საქართველოში მუსლიმური
სარწმუნოებისა და მუსლიმური თემის შესახებ, არც დაინტერესებულ
სტუდენტებს, რომლებსაც სურდათ კითხვები დაესვათ ექსპეტებისათვის და
გაეღრმავებიდათ ცოდნა ამ სფეროში. აუდიტორია ხელში ჩაიგდეს
ახალგაზრდებმა, რომელთაც წარმოდგენა არა აქვთ რას ნიშნავს ტოლერანტობა,
სამოქალქო ინტეგრაცია, მრავალფეროვნება. უფრო მეტიც: ამ ყველაფერს
მტრულად უყურებენ, ამ ყველაფერს საქართველოსათვის უდიდეს საფრთხედ
მიიჩნევენ და თანაც ლაპარაკობენ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის
სახელით.
ჩვენი ორგანიზაციისათვის ეს გამოცდილება პირველი იყო. პირველად ვნახეთ,
რომ გარკვეულ ჯგუფს ჩვენს მიერ ორგანიზებული ღონისძიების ჩაშლის მცდელობა
ჰქონდა. თუმცა იყო სხვა ფაქტებიც: ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართული
დისკუსია ჰომოფობიის თემაზე ზაფხულში, ჰელოვინის დღესასწაულის დარბევა
შარშან და ა.შ.
ლიბერალიზმი, დასავლური ღირებულებები, ადამიანის უფლებები, უმცირესობების
ინტეგრაცია და მათ უფლებები, ეს ის საკითხებია, რაზეც საჯაროა მსჯელობა
და მხარდაჭერა. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის ამ ექსტრემისტული
დაჯგუფების აზროვნებასთან, რომელიც ამოფარებია მართმადიდებლურ
სარწმუნობას და მისი სახელით საზოგადოებას “გარყვნისაგან” იცავს.
“მართლმადიდებელი ეკლესია არასოდეს ყოფილა ტოლერანტული მუსლიმების
მიმართ” - ამ კატეგორიულ ფრაზას იმეორებდნენ ჩვენი ოპონენტები, თანაც
აშკარა იყო, რომ ტოლერანტობა თავისთავად მათთვის უარყოფითი მნიშვნელობის
მატარებელი ცნებაა.
ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია ამ დაჯგუფების თუ ორგანიზაციის
ექსტრემისტულ და საზოგადოების სიჯანსაღისათვის საზიანო მოქმედებაზე
ადექვატური რეაგირება. საფრთხის ქვეშ დგება საქართველოს საზოგადოების
ჰუმანიზაცია და ლიბერალიზაცია. ამგვარი გამოხდომები ახალგაზრდებს
არაპერსპექტიული და მტრული განწყობებისაკენ მოუწოდებენ. ტერიტორიული და
პოლიტიკური კონფლიქტები არ კმაროდა, ახლა რელიგიური შეურიგებლობისა და
კონფლიქტებისაკენ სურთ ჩვენი მიმართვა. უკიდურესად საშიშია დიდი
ძალისხმევით შენარჩუნებული რელიგიათაშორისი მშვიდობით ასეთი უტიფარი
თამაში.
მიგვაჩნია, რომ ქართულმა მართლმადიოდებელმა ეკლესიამ უფრო მკაფიოდ უნდა
გამოთქვას თავისი დამოკიდებულება ასეთი ექსტრემისტული გამოვლინებების
მიმართ, რათა მავანს არ მიეცეს საშუალება თავიანთი ქსენოფობიური
შეხედულებები საზოგადოებაში ეკლესიის სახელით დათესონ.
www.turmeg.com