შრიფტის აგების ტიპოგრაფიული
ხერხები
(რომლებიც არ და ვერ გამოდგება
კომპიუტერული ფონტებისათვის)
„x-height“
კომპიუტერულ ფონტებში ასოების სხვადასხვა ნაწილების
სიმაღლეების განზომილებები მკაცრი დაცვის საგანია და მათში ერთ-ერთი ძალზე
არსებითია ეგრეთწოდებული „x-height“ ანუ ასო იქსის სიმაღლე - რომელსაც უთანაბრდება
ყველა „პატარა“ ასოს შუა ნაწილის სიმაღლე - მაგალითად ისეთების, როგორიცაა a,
o, c, b, d, q და სხვა.
„x-height“ ოდნავ, თვალით შეუმჩნევლად (დიდ ზომებღიც
კი) შეიძლება დაირღვეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ვიზუალური ეფექტების
გამო ასოს სიმაღლე ვიზუალურად მეტი ან ნაკლები ჩანს - ზოგადი კანონი კი ისაა, რომ
შესახედად, ვიზუალურად ყველა ასოს შუა ნაწილის სიმაღლე თანასწორი,
თანაბარი უნდა იყოს (რა თქმა უნდა ისევე - როგორც ყველა ასოს ზოგადი სიმაღლე
და სხვა ზომები).
განსხვავებით კომპიუტერული ფონტებისაგან, რომელსაც
მომხმარებელი უმეტესწილად კომპიუტერის ეკრანზე ხედავს დიდ ზომებში -
ტიპოგრაფიული შრიფტები, განკუთვნილი ქაღალდზე საბეჭდად, იბეჭდება უმეტესწილად მცირე
ზომებში - 8, 9, 10 პუნქტის ზომებში და მკითხველის თვალი ასოების დეტალებს კარგად
ვერ ამჩნევს.
სარგებლობდნენ რა ამ თავისებურებით, ქართული სასტამბო
შრიფტების ავტორები იყენებდნენ მრავალფეროვან ხერხებსა და მეთოდებს - რათა ასოების
მოხაზულობა „მოერგოთ“, შეეფარდებინათ ზოგადი ზომებისათვის.
თუ ქართულ სასტამბო შრიფტებს დიდ ზომაში
დავათვალიერებთ - აღმოვაჩენთ, რომ შრიფტების ავტორები ძალზე „თავისუფლად“ ექცეოდნენ
როგორც „x-height“-ს, ასევე - ასოების სხვა განზომილებებსაც. მათთვის მთავარი იყო
ქაღალდზე დაბეჭდილის კითხვადობა, ვიზუალური ეფექტი რომელსაც ძალზე მცირე ზომის
ასოებით აწყობილი ტექსტი იძლევა.
მიმაგრებულ სურათზე ასახულია ცნობილი და ძალზე ფართოდ
გავრცელებული შრიფტის „აკადემიურის“ აგების თავისებურებანი. კარგად მოსჩანს, რომ
ასოების „ი“, „ვ“, „ო“, „თ“, „ე“ სიმაღლე არსებითად მეტია ვიდრე „შ“,
„მ“, „ნ“ ასოების შუა ნაწილის („თვალის“) სიმაღლე. ხოლო, რაც შეეხება ასო
„ზ“-ს - მისი ქვედა „თვალის“ სიმაღლე კიდევ უფრო ნაკლებია ვიდრე „შ“,
„მ“, „ნ“-სი და საერთოდაც იგი უფრო დაბალია ამ ასოებზე.
ყურადღებას მიაქცევთ ალბათ იმასაც, რომ ასო „ი“-ს
სიგანე ბევრად აღემატება ნებისმიერი ნაჩვენები ასოს „თვალის“ სიგანეს. ხოლო - ასო
„ზ“-ს თუნდაც ქვედა „თვალთან“ შედარებით იგი გიგანტურია...
მიუხედავად იმისა, რომ ეს
„უთანასწორობები“ მაშინათვე ეცემა თვალში ადამიანს, რომელიც ასოების
გადიდებულ სურათს უყურებს - ამ შრიფტით შცირე ზომებში ნაბეჭდი ტექსტი
ქაღალდზე (მით უფრო - დაბალი ხარისხის ქაღალდზე, რომელზეც ძველადაც და ახლაც
იბეჭდება მას მედია) ჩინებურად, შესანიშნავად იკითხება - და ისეთი
შთაბეჭდილება რჩება, რომ „სწორედ ასეც უნდა იყოს“...
სულ სხვა საკითხია - რამდენად და რა ზომით შეიძლება
ეს ქაღალდის მედიაში გამართლებული და კარგად გამოცდილი ტიპოგრაფიული ხერხები
და მეთოდები გამოყენებული იქნას კომპიუტერული ფონტებისათვის...
ამ ტექსტს აგრეთვე დართული აქვს „x-height“-ის
შედარებითი დემონსტრირება შრიფტში „აკადემიური“ და ქართულ ფონტში, რომელიც „დეჟავუ
შერიფ“-ისთვის მზადდება - აღსანიშნავია, რომ, ამ ფონტშიც კი ქართულის
თავისებურებებიდან გამომდინარე - იძულებული ვიყავით ქართული ასოების „x-height“
ოდნავ ნაკლები გაგვეხადა ვიდრე ლათინურშია (რათა ზემოთ დარჩენილ ძალზე მცირე
მონაკვეთში რამენაირად ჩატეულიყო - განსაკუთრებით - ასოების „ზ“, „შ“, „წ“, „მ“ და
სხვა ასოების ზედა ნაწილები) .
ბპგ